დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ბუღალტერიაში ვერ ვერკვევი, არც უნდა ვერკვეოდე, მაგრამ ის რომ ესენი ამ შენობას ჰყიდიან, ალბათ არის იმის მანიშნებელი, რომ რადიკალების დაფინანსება ქვეყნის ფარგლებს გარედან შეზღუდულია

დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისის გაყიდვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალურ ოპოზიციას დაფინანსება ქვეყნის ფარგლებს გარედან შეეზღუდათ.

„რადიკალებს ძალიან აქტიურად აფინანსებდნენ უცხოეთიდან, აფინანსებდნენ ის დიდი ორგანიზაციები დღეს, რომ დიდი პრობლემა აქვთ, თვითონ ამ ორგანიზაციების ქვეყანაში - აშშ-ში, USAID-ს ვგულისხმობ, NED-ს ვგულისხმობ და თუკი რომელიმე რადიკალური პარტია იქნება ეს, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია თავის საქმიანობას ვეღარ ახორციელებს და სჭირდება დამატებითი სახსრები, ერთადერთი ლოგიკური პასუხი ამ ყველაფრის არის ის, რომ მათ ეს დაფინანსების წყაროები შეეზღუდათ. რატომ შეეზღუდათ? იმიტომ შეეზღუდათ, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც რადიკალიზმს აფინანსებენ დღეს არიან შეჭირვებულ მდგომარეობაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ბუღალტერიაში ვერ ვერკვევი, არც უნდა ვერკვეოდე, მაგრამ ის, რომ ესენი ამ შენობას ჰყიდიან, ალბათ არის იმის მანიშნებელი, რომ რადიკალების დაფინანსება ქვეყნის ფარგლებს გარედან შეზღუდულია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისი გაიყიდა. უკვე გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, წარმოება დღეს დასრულდა. დაინტერესებულ პირად დოკუმენტში მითითებულია შპს „ევ დისტრიბუშენი“ და ამავე კომპანიის წარმომადგენლად „ნაციონალური მოძრაობის“ სახე დავით კირკიტაძე.