დავით მათიკაშვილი - მაღალი ალბათობით, 15 ოქტომბრიდან გახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვლას უნდა ველოდოთ

მათიკაშვილი

საგაზაფხულო სესიაზე გახარიას პარტიის 12 წევრს უფლებამოსილება შევუწყვიტეთ, საშემოდგომო სესიაზე 12 ახალი წევრის უფლებამოსილება ვცანით, რვა პირის წერილი გვაქვს, რომელთაგან ხუთმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მომართა, სამმა პარლამენტის თავმჯდომარეს, მათი წერილი შეუთავსებელ საქმიანობას ეხება, რომელსაც წყვეტენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მათიკაშვილის თქმით, მათი ქმედებიდან ჩანს, რომ ისინი პარლამენტში შესვლას აპირებენ.

„აქედან ლოგიკური დასკვნა გამომდინარეობს, რომ ისინი პარლამენტში შემოსვლას აპირებენ, სხდომებზე დასწრებას. სხვას ვერაფერს დავუკავშირებ ამ მიმართვებს, რაც პარლამენტის მიმართ იყო. ბოიკოტი, რომელიც ჰქონდათ, აღარ არიან და მაღალი ალბათობით 15 ოქტომბრიდან მათ პარლამენტში შემოსვლას უნდა ველოდოთ. პარტიის ლიდერმა შეცდომა უწოდა, რომ მანდატი არ გამოიყენეს. როცა უფლებამოსილების ცნობა ხდება, დეპუტატი ვალდებულია, პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობა შეწყვიტოს. როცა ასეთი შინაარსით პარლამენტს მომართავენ, ცხადია, ისინი პარლამენტში შემოსვლას აპირებენ. ეს იმ ბოიკოტის შეწყვეტას ნიშნავს, რაშიც იყვნენ. მათგან ტყუილები არ გვიკვირს, აქამდე ერთი-ორი არ ყოფილა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.