რომში ისტორიული კოშკის ნაწილი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
1762190654
ევრონესტის სრულიად სამარცხვინო რეზოლუცია, პრინციპში, გაყალბებულია. რეზოლუცია ხაზს უსვამს ტენდენციას, რომელიც ევრონესტთან მიმართებით არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, რეზოლუციები კონკრეტული ევროჩინოსნების ნება-სურვილით არის აწყობილი და გაყალბებული.
„ეს ფორმატი ჯერ აზერბაიჯანმა დატოვა, დღეს საქართველო ტოვებს და რამდენ ხანს გაძლებს სუბიექტივიზმით გაჯერებული ტყუილებით? რასაც ვხედავთ, კონკრეტული ევროჩინოსნების ნება-სურვილით აწყობილი, გაყალბებული რეზოლუციებია. ფაქტები აბსოლუტურად სხვა რამეზე მეტყველებს, მაგრამ ის სურვილები, რომლებიც კონკრეტულ ევროჩინოსნებს აქვთ, ფაქტებს და გარემოებებს საერთოდ სცილდება. ტყუილების პროპაგანდირებას მოეშვან, ეს ჩვენს საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გამაღრმავებელია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ 31 ოქტომბერს რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარი თქვა. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართა, სადაც განმარტებული იყო, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია“. მისივე თქმით, „სინამდვილეში, „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „დროას“ პარტიის წევრები“.