დავით მათიკაშვილი: ბურთი არის ახლა აშშ-ს მხარეს. ვართ მუდმივად მზად, რომ ურთიერთსასარგებლო პირობებით ეს ურთიერთობები გავაგრძელოთ. მე ვფიქრობ, რომ ჯო უილსონის მსგავსი ფიგურები ამ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლიან

დავით მათიკაშვილი

ჯო უილსონი არის ჩვეულებრივი დაქირავებული კლერკი, რომელიც ვინც გადაუხდის ფულს იმას ემსახურება. არაერთგზის გამოჩნდა ეს FARA-ს ჩანაწერებითაც შეერთებულ შტატებში, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, ჯო უილსონის განცხადებასთან დაკავშირებით.

საუბარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც უილსონი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შეიტანა შესწორება, რომელიც ეხება „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარებას.

მათიკაშვილის თქმით, უილსონი აბსოლუტურად ხელმოცარულია იმ მიზნებთან მიმართებით, რაშიც მას ფულს უხდიან და ახლა უნდა საკუთარი „ღვაწლი“ რაღაცნაირად „გააპრავოს“.

„ერთი „ღირებული დოკუმენტი“ შექმნა „მეგობარი აქტის“ სახელით რომ იყო ცნობილი და მეგობრობის გარდა ყველაფერი ეწერა ქართველ ხალხთან. ის ჩაუვარდა, ხელი მოეცარა და ახლა თითიდან გამოწოვილ რაღაცებს იგონებს იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დააზიანოს, მაგრამ არაფერი გამოსდის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ჯო უილსონის მსგავსი ფიგურები ვერასდროს მოახდენენ გავლენას საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის ურთიერთსასარგებლო პირობებით აღადგინოს აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა.

„გადატვირთვას რაც შეეხება ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. დღესაც, საქართველოს სახელმწიფო არის სრულ მზაობაში იმ ქვეყანასთან, ვისთანაც გააჩნდა სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს ბრალეულობით ეს პარტნიორობა არ შეწყვეტილა. შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ უკვე მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი აღარ იყო პრეზიდენტი, გააუქმა ეს პარტნიორობა ჩვენს ქვეყანასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტნიორობა მარტო ქაღალდზე იყო, მაინც არსებობდა. რა მიზეზი იყო ამ პარტნიორობის გაუქმების თვითონაც ჩამოყალიბებულად ამას საზოგადოებას ვერ ეუბნებიან. იმიტომ, რომ მიზეზი არ არის და იყო ტყუილები. მოსამართლეთა დასანქცირებები და სრული ნონსენსი, რაც იკადრეს მაშინ თეთრ სახლში.

დღეს, როდესაც შეიცვალა სიტუაცია, როდესაც ჩვენი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვა არის ძალიან ბევრ საკითხში თანხვედრაში, როდესაც ჩვენ გვაქვს სრული მზაობა შეერთებულ შტატებთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორობაზე თავიდან, სუფთა ფურცლით დავიწყოთ ეს პოლიტიკა, ბურთი არის ახლა შეერთებული შტატების მხარეს და ვართ მუდმივად მზად, რომ ურთიერთსასარგებლო პირობებით ეს ურთიერთობები გავაგრძელოთ. მე ვფიქრობ, რომ ჯო უილსონის მსგავსი ფიგურები ამ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლიან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.