დავით მათიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე: როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში ერევა ორგანიზაცია, რომლის უკან უცხოური ძალა დგას, ეს საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა

დავით მათიკაშვილი

როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში ერევა ორგანიზაცია, რომლის უკან უცხოური ძალა დგას, ეს საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა და დემოკრატიასთან არაფერი საერთო არ აქვს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა,

„სახელმწიფო უნდა იყოს სუვერენული იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს ხალხის მიერ არჩეული საქართველოს პარლამენტი, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ ლეგიტიმაცია გამოცხადებული და ნდობა გამოცხადებული ხელისუფლება, აქ ყველაფერი დემოკრატიასთან შესაბამისობაში არის, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში უშუალოდ ერევა და გადაწყვეტილებას იღებს ის ორგანიზაცია, რომლის უკან ძალიან დიდი ალბათობით, ჩვენივე ემპირიული გამოცდილებით, დგას უცხოური სახელმწიფო ან უცხოური ძალა, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, ცხადია, რომ აქ არანაირ დემოკრატიასთან ჩვენ არ გვაქვს საქმე და ეს არის პირდაპირი გაგებით უხეში ჩარევა უცხოეთიდან საქართველოს შიდა საქმეებში. ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომელთა უკან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც წესი, უცხოური ძალა დგას, მეტწილად საგანმანათლებლო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ანუ ის პროფესიული წრეები, რომლებიც ფოკუსირებული იქნებიან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე, იქნებიან უფრო მეტად, აქტიურად ჩართულნი, რაც არის სავსებით სამართლიანი, ლოგიკური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხი. საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება. კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ პრაქტიკამ აჩვენა, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც სოლიდურ დაფინანსებას იღებენ უცხო ქვეყნებიდან მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან.