დავაინიციირეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც დარეგულირდება უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ დავაინიციირეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც დარეგულირდება უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ უცხოურ და ქართულ იურიდიულ პირებს აღარ შეეძლებათ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი ღონისძიების ჩატარების დაფინანსება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ.

„საქართველოს კანონმდებლობა გრანტის გამცემ სუბიექტთა ფართო წრეს ითვალისწინებს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლობებს, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

ამასთანავე, ვინაიდან გრანტი, თავისი ბუნებით, გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ ჩვენს ქვეყანაში დააფინანსონ მოლოტოვის კოქტეილების სროლის რომანტიზების კამპანიები, ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები, რაც მრავლად იხილა საზოგადოებამ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ და არა მხოლოდ, რომელთა მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და ხელისუფლების სათავეში დიფ „სთეითის“ აგენტურის მობრუნებაა.

წარმოდგენილი ცვლილებით:

• უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტთან დაკავშირებით სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა.

• გრანტის მიღების მონიტორინგს უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო.

• კანონპროექტით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესაბამისი თანხმობის გარეშე გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, კერძოდ: თუ პირი შესაბამისი თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ის დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით;

იმისათვის, რომ ცალკეულმა სუბიექტურად დაინტერესებულმა თუ აგენტურულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, საზოგადოებისთვის ხაზგასმით განვმარტავთ, რომ მთავრობის თანხმობას არ დაექვემდებარება:

• საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემული ინდივიდუალური სტიპენდიები და გრანტები;

• საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემა;

• საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღება.
გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა მართალია კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ შემოწირულების მიღებას იურიდიული პირისგან, თუმცა, საკანონმდებლო მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, რომ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და რადიკალური ოპოზიციის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეში მხარდაჭერა და დაფინანსება შენიღბოს ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით, რისი ნათელი მაგალითიც საზოგადოებამ არაერთხელ იხილა თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში.

ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ უცხოურ და ქართულ იურიდიულ პირებს აღარ შეეძლებათ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი ღონისძიების ჩატარების დაფინანსება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ.

ხაზგასასმელი და ძალიან სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაინიციირების პარალელურად, დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკომისიის აღიარება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს სინამდვილეში იყენებდა ლობისტური საქმიანობისთვის. კომისიამ თავისსავე განცხადებაში მიუთითა, რომ აქტივისტი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა არასათანადო ლობირებას, ანუ თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად და ემსახურებოდა განსხვავებული აზრის ჩახშობას. ეს კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის წარმოდგენილი ცვლილებების მიღების აუცილებლობას.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულებას, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ხარისხის, ეროვნული იდენტობის დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ქვეყნის სწრაფი განვითარების და ღირსეული, ჭეშმარიტად ევროპული მომავლის უზრუნველყოფის საფუძველია!“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.