დაუშვებელია მონაწილეობის მიღება არჩევნებში, სადაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის - თინა ბოკუჩავა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე

თინა ბოკუჩავა

თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში ისევ უთანხმოების მიზეზია - "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება შეუძლებელი გახდა და თუ საერთო განაცხადის მიღწევა ვერ მოხდება, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე მონაწილეების რესურსი მცირე იქნება. ეს ფორმატი "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე დატოვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დაუშვებელია მონაწილეობა იმ არჩევნებში, სადაც შედეგი წინსწრებადაა დაწერილი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, ბოკუჩავას განმარტებით, 31 მარტის აქციის შემდეგ პარტიამ, საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაიტოვა ამ ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუმცა ასეთი აუცილებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.

"დაუშვებელია მონაწილეობის მიღება არჩევნებში, სადაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, 31 მარტის აქციის შემდეგ, სადაც არსებობდა ძალიან მაღალი მოლოდინი მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული განაცხადის შესახებ, რამაც, ჩემი აზრით, ხალხში საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ, მხოლოდ საკითხების აუცილებლობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სიტუაციურად დაგვეტოვებინა, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუმცაღა ვხედავთ, რომ ამ დრომდე ასეთი აუცილებლობა არ დამდგარა," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება "გახარია საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას, ნებისმიერი არჩევნებისთვის ნებისმიერ პოლიტიკური პარტია მუდმივად უნდა ემზადებოდეს. მისივე თქმით, მათი პოლიტიკური პარტია მოქმედებს დამოუკიდებლად და არა დანარჩენი პარტიების მოწოდებებით.

"გაიგონ, რომ ჩვენ არ ვრეაგირებთ მათ არც მოწოდებებზე, არც ბულინგზე და გადაწყვეტილებას ვიღებთ დამოუკიდებლად.

პლატფორმაში დავრჩებით იმ მთავარი საკითხის გამო, რაც არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სხვა საკითხებზე ჩვენ ისედაც არ გვქონდა ერთიანი პოზიცია," - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.