დასმულ კითხვებზე მამუკა ხაზარაძის პასუხები იყო ზოგადი ხასიათის - დაცლილი ფაქტებისგან და მტკიცებულებებისგან - პროკურორი

პროკურორი

ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ხაზარაძეს კითხვებზე ზოგადი პასუხები ჰქონდა და რაიმე კონკრეტული არ უთქვამს.

"ჩვენი კითხვები მიმართული იყო კონკრეტიკისკენ, რათა გამოძიებას მიეღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც შემდგომ მტკიცებულებითი ღირებულება ექნებოდა. ამ კითხვებზე პასუხები იყო ზოგადი ხასიათის, რაც დაცლილი იყო ფაქტებისა და მტკიცებულებებისგან. როდესაც კითხვა გადადიოდა კონკრეტიკაზე, მისი პასუხი იყო, რომ თქვენ გამოიძიეთო. კი ბატონო, ჩვენ ისედაც ვიძიებთ.

მოწმე არის პიროვნება, რომელმაც უნდა მოგცეთ კონკრეტული ინფორმაცია. საჯარო სივრცეში რაც არის, იმას მოწმე საერთოდ არ სჭირდება. ჩვენ გვაინტერესებდა, რა კონკრეტული ფაქტებით, რა მტკიცებულებებით შეეძლო ამ მოწმეს დახმარება. პროცესზე მამუკა ხაზარაძე იყო მოწმე, რომელიც სარგებლობს გარკვეული უფლებებითა და ამავდროულად, აქვს გარკვეული ვალდებულებები. მან უნდა უპასუხოს დასმულ კითხვებს, ხოლო თუ პოლიტიკური განცხადებები სჭირდება, ცხადია, ამისთვის მას ყველანაირი სივრცე აქვს და შეუძლია საუბარი. სასამართლო დარბაზში მოწმემ უნდა ილაპარაკოს საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.