დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, პროფესიული კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად, სასწავლო დაწესებულებების განაცხადების მიღებას იწყებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა

 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად, განაცხადების მიღებას იწყებს - კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლო დაწესებულებებს, 11 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მომზადება - გადამზადების პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ახალი უნარების გაძლიერებას და მათ სწრაფ დასაქმებას. კურსებს, სახელმწიფო სრულად აფინანსებს და მასში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი სასწავლო ცენტრი, განსაკუთრებით, რეგიონებში მოქმედი დაწესებულებები, აქტიურად ჩაერთონ პროგრამაში და წარადგინონ განაცხადები.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო 30-მდე კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან უკვე თანამშრომლობს. მოკლევადიანი პროფესიული სწავლება 1-დან 3 თვემდე გრძელდება და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა: კომპიუტერული პროგრამები, ესთეტიკური, სილამაზის, საბუღალტრო, სარესტორნო, სასტუმრო, სამზარეულო და საინჟინრო მიმართულებები, შინ მოვლის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის და სააღმზრდელო პროცესის წარმართვის პროფესიები. 
მიმდინარე წელს, სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2000-მდე მოქალაქეს, მოთხოვნადი პროფესიების 80-ზე მეტი მოკლევადიანი კურსი სრულად დაუფინანსა, მათი დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია. 2024 წელს, სააგენტოს დაფინანსებით, 3700 -მდე სამუშაოს მაძიებელი ჩაერთო პროგრამაში და შეიძინა ახალი პროფესიული უნარები.

მოკლევადიან პროფესიულ კურსებში ჩასართავად, აუცილებელია, მოქალაქეები ეწვიონ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაიარონ რეგისტრაცია და შეარჩიონ მათთვის სასურველი პროფესიული სფერო.