დარწმუნებული ვარ აშშ-ში თავად გაერკვევიან თავიანთი გამჭვირვალობის საქმეში, სადმე ამ ტექსტში წერია, რომ აშშ-ს დაფინანსება არის უცხო გავლენის ინტერესის მატარებელი? - თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია

ტრამპის სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის სავარაუდო ხელმძღვანელები აცხადებენ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დეტალურად უნდა შემოწმდეს.

ვივეკ რამასვამი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შეტყობინებას, სადაც საქართველოც იყო ნახსენები შემდეგ კონტექსტში: “ძნელია, არ დაინტერესდე, რა წვლილი შეიტანა ნულანდმა ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოსა და სირიაში“. “ეს ოქსი-მორონია, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვას, მაგრამ რეალური პრობლემა უფრო ღრმაა: ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას, გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უწყობენ სასაზღვრო კრიზისს“, – აღნიშნა ვივეკ რამასვამიმ. ის ამ კომენტარით ვიქტორია ნულანდის ნედის დირექტორთა საბჭოში დანიშვნას გამოეხმაურა.

რამასვამის განცხადებას ელონ მასკიც გამოეხმაურა, მან თქვა რომ აბსოლუტურად ეთანხმება აღნიშნულ აზრს. მასკი ასევე უხელმძღვანელებს ტრამპის სამთავრობო ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს.

პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ აშშ თავად გაერკვევა თავიანთ გამჭვირვალობის საკითხში.

“დარწმუნებული ვარ აშშ-ში თავად გაერკვევიან თავიანთი გამჭვირვალობის საქმეში, სადმე ამ ტექსტში წერია, რომ აშშ-ს დაფინანსება არის უცხო გავლენის ინტერესის მატარებელი?

ნებისმიერი მცდელობა, თუნდაც ამ შიდა პოლემიკის აშშ-ში გადმოიტანონ საქართველოზე და გაამართლონ ის რუსული კანონი, ეს უბრალოდ განწირულია მარცხისთვის,“- აცხადებს აქუბარდია.