დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საერთაშორისო შეთანხმებაზე მიერთების თაობაზე იმსჯელა

კომიტეტი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტზე“ მიერთების თაობაზე იმსჯელა.

საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, ლისაბონის შეთანხმება „ადგილმდებარეობის დასახელების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“ ადგილწარმოშობის დასახელებების მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) მართავს. მისივე თქმით, ლისაბონის შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც საქართველო 2004 წელს შეუერთდა, ჩვენმა ქვეყანამ 28 სახეობა დაიცვა.

2020 წელს ძალაში შევიდა ქალაქ ჟენევაში მიღებული შესაბამისი აქტი, რომელმაც გააფართოვა დაცვის არეალი და ადგილწარმოების დასახელებებთან ერთად გეოგრაფიულ აღნიშვნებსაც იცავს.

ჟენევის აქტთან შეერთებით საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, გამართული და მოქნილი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის საშუალებით, დაიცვას როგორც რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები (როგორიცაა: ხვანჭკარა, წინანდალი, ახაშენი და სხვა ), ისე გეოგრაფიული აღნიშვნები (ქვევრი, ჭაჭა, ჩურჩხელა და სხვა), რათა აღიკვეთოს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილმდებარეობის დასახელებებზე უფლებების დარღვევების და მათი რეპუტაციისათვის ზიანის მიყენების ფაქტები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკითხს.