დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა

კომიტეტი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

პროექტის თანახმად, კანონში განხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომლის მიხედვითაც კანონიდან ამოვა ლიცენზიის ფორმის დამტკიცების თაობაზე არსებული ჩანაწერი.

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის განცხადებით, კანონპროექტით ხდება საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა. მისივე განმარტებით, სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების საკითხი დარეგულირებულია „წიაღის შესახებ“ კანონით. ასევე, დღესდღეობით ლიცენზირების პროცესი სრულად ელექტრონულად ხორციელდება და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით წარიმართება, რის გამოც აღარ იარსებებს სალიცენზიო მოწმობის ფორმის მატერიალურად დამტკიცების საჭიროება.

ნინო ენუქიძემ კომიტეტს განსახილველად ასევე წარუდგინა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.

კანონპროექტის მიღებით შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა ლიცენზია უფრო მოკლე ვადაში (მინიმუმ 10 დღეში) მიიღონ, ვიდრე ეს მოქმედი რეგულაციებით არის შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არამიზნობრივი დროის ოპტიმიზაციას.

პროექტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია, აუქციონის გამართვამდე, შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტს ასევე ახლავს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის ასახული კანონპროექტის მიღების მოსალოდნელი შედეგები.

განხილვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.