"დამცირდება თუ დაინგრევა" ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს

ოპოზიცია

საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაცია დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაასაჯაროვა.

"მგონი, ეტყობა უკვე ოპოზიციას, რომ მათი საუბარი იმაზე, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ, იყო ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც სხვა დროსაც ისედაც აკეთებენ და, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი. ჩიხში დაიყენეს საკუთარი თავი, აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან და ამით დაიმცირებენ თავს. ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ ღირსება არ აქვთ. როდესაც დგები სხვების სამსახურში, როდესაც ხარ უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში, აქ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, არის ღირსებაზე უარის თქმა. როცა დავალებებით, პატრონების მითითებებით მოქმედებს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ღირსება არც უნდა ვეძებოთ, ამიტომაც, როგორც ექნებათ დავალება, ზუსტად ისე მოიქცევიან, მათთვის ეს შინაგან დისკომფორტს არ იწვევს, რომ თავს დაიმცირებენ და, როგორც თავადვე აქვთ შეფასებული, პუფებად შემოვლენ ამ პარლამენტში და ყველამ ეს კადრები აუცილებლად უნდა ნახოს, განსაკუთრებით, მათმა ამომრჩეველმა. ჩვენ მათ ამომრჩევლებსაც ვაფრთხილებდით, ვისთან ჰქონდათ საქმე. საქმე ჰქონდათ აგენტურასთან, რომლებიც მოქმედებენ უცხო პატრონების დავალებით და ამ ხალხს არაფერი ქართული არ აინტერესებს, ეს კადრები უნდა ნახოს მათმა ამომრჩეველმა, როცა უარს არ იტყვიან მანდატზე და აღმოჩნდება კიდევ ერთხელ, რამდენად უღირსი პოლიტიკოსები არიან დღეს ოპოზიციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებს ამბობს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯერ კიდევ უცნობია. უცნობია, რადგან საზოგადოებას არაერთი ფაქტი ახსოვს მათი არათანმიმდევრული და შეცვლილი გადაწყვეტილებების შესახებ.

აპირებენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლები 25 ნოემბერს პარლამენტის პირველ სხდომაზე მისვლას.

„ჩვენი პოზიცია თავიდანვე დავფიქსირეთ და ზედმეტ კითხვებს არ ვუპასუხებ ამ თემასთან დაკავშირებით“, - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მე-16 წევრის, ანა წითლიძის პასუხია „პრაიმ ტაიმის“ კითხვაზე.

მან სხვებისგან განსხვავებით მკაფიო და კონკრეტული პასუხის გაცემა ჩვენთან არ ისურვა. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე, 25 ნოემბერს გაირკვევა.

„რა თქმა უნდა, არა“ - პასუხობს პრაიმ ტაიმს „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრი, თამარ კორძაია.

„რა უცნაური კითხვაა, რა თქმა უნდა, გარეთ ვიქნები საპროტესტო აქციაზე“, - ასეთი განწყობები აქვს გახარიას პარტიის საარჩევნო სიის მე-11 წევრს, თეონა აქუბარდიას.

„არ მივდივართ“- ამბობს გახარიას პარტიის წევრი, ბერდია სიჭინავა.

იმავე აზრზზეა გახარიას პარტიის საარჩევნო სიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ზვიად ძიძიგური - „სხდომაზე არა, საპროტესტო აქციაზე ვაპირებ მისვლას“ - აცხადებს ძიძიგური “პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას.

პარლამენტში პირველ სხდომაზე მისვლას არ აპირებს გვარამიას პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ საარჩევნო სიის მეექვსე ნომერი, ცოტნე კობერიძეც.  „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ ამ დროს აქციაზე იდგება.

იმავე პოზიციას იზიარებენ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები, ლანა გალდავა და საბა ბუაძეც. „არა, რა თქმა უნდა“, - ამბობენ ისინი.

„პრაიმ ტაიმი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან დაკავშირებას და ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, თუმცა არც ერთმა მათგანმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. შეცვლიან თუ არა გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენლები, ეს 2 დღეში გახდება ცნობილი.