„ComCom-ის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვა და მედიის უხამსობის შემცველი გადაცემებისგან დაცლაა“ - კახა ბექაური

კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, მედიის ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემებისა და გამონათქვამების პრობლემა განიხილა, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. კახა ბექაურის განცხადებით - „კომუნიკაციების კომისიის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვა და მედიის უხამსობის შემცველი გადაცემებისგან დაცლაა.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის გადაწყვეტილებით, მაუწყებლების მიერ უხამსობის გავრცელებაზე რეაგირება ამოიღო მაუწყებლის თვითრეგულირებიდან და  ეს საკითხი რეგულირებაში გადაიტანა.

კახა ბექაურის თქმით,  მედიამონიტორინგის შედეგად,მაუწყებლებში უხამსობის პრობლემა გამოიკვეთა, რის შემდეგაც, კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიებსარაერთხელ მოუწოდა, დაეცვათ კანონმდებლობის მოთხოვნები და ეთერში არ განეთავსებინათ ადამიანის ძირითადი უფლებების შემლახავი მასალები. მან ასევე აღნიშნა, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის ჩამოყალიბების მიზნით, კომუნიკაციების კომისიას არ გამოუყენებია ჯარიმა და მხოლოდ დარღვევების დაფიქსირებით შემოიფარგლებოდა, რათა მედიისთვის ნათელი ყოფილიყო, თუ რა მიიჩნეოდა დარღვევად. მაგალითისთვის კი, ბექაურმა 2021 წელს „ალტ-ინფოსა“ და „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებული უხამსობის შემცველი კადრები მოიყვანა, რის შემდეგაც,კომუნიკაციების კომისიამ ორივე მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი გადაცემებისა და ვიდეო კადრების გავრცელებაზეც ისაუბრა, რომელიც მაუწყებლების ეთერში განთავსებულწამებისა და გაუპატიურების კადრებს, ძალადობის, სიშიშვლის, მკვლელობის, სექსუალური სცენებისა და შეუფერებელი ლექსიკის გამოყენებას ეხებოდა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა დღემდე აქტუალურია.