1745863963
ჩვეულებრივი რეპრესიებია ქვეყანაში, ყველას აპატიმრებენ" - ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარე ჩხრეკებს ეხმაურება:
"ტელეფონის ჩამორთმევა ფიზიკურად არ შეიძლება, იმიტომ, რომ ჟურნალისტური საიდუმლოება შეიძლება იყოს შიგნით და დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ჩვეულებრივი რეპრესიებია ქვეყანაში, ყველას აპატიმრებენ," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა მიმდინარეობს სხვადასხვა ფონდის დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში. ამ წუთებში სამართალდამცველები შესულები არიან ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში და, ასევე, ალეკო ცქიტიშვილთან. ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის თქმით, ჩხრეკა მიმდინარეობს მის საცხოვრებელ სახლშიც. პროკურატურა გამოძიება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყო, უწყება ხუთი ფონდის საქმიანობას სწავლობს