ჩვენთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენა, კიდევ უფრო მიუღებელია მოცემულობა, როდესაც ცდილობ ტყუილი უთხრა საზოგადოებას - დავით მათიკაშვილი 15 სექტემბრის კონფლიქტზე

 დავით მათიკაშვილი

მედიაში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება სახელისუფლებო გუნდი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მათთვის ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენა მიუღებელია და 15 სექტემბერს მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ აჩვენებს რადიკალიზმისა და ლიბერალური ფაშიზმის სახეს.

"ჩვენთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენა. მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტად მიუღებელია მოცემულობა, როდესაც ცდილობ, სინამდვილეში ტყუილი უთხრა საზოგადოებას. რაც საზოგადოებამ იხილა ამ კადრებიდან, კარგად ჩანს, რომ ეს პიროვნება იარაღს არ იყენებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ადამიანები, ვინც მის მიმართ ძალადობით გამოირჩევიან, ძალიან მძიმედ უსწორდებიან მას ფიზიკურად და, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად მიუღებელია. ეს კიდევ ერთხელ, რეალურად აჩვენებს ამ რადიკალიზმის სახეს, ლიბერალური ფაშიზმის სახეს, როგორ არის ძალმომრეობაზე გადასული", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.