თბილისში, გურამ ოდიშარია დაკრძალეს - ვინ იყო, მეტსახელად, ბუია
1741866040
პარლამენტი ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობას იწყებს. ოპოზიცია აღნიშნულ ინიციატივას აკრიტიკებს. "ძლიერი საქართველოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ნარკოდანაშაულთან გამკლავებას სისტემური მიდგომა სჭირდება.
"ძალიან სერიოზული და მასშტაბური არის ჩვენთან ნარკოპოლიტიკის პრობლემა, რასაც სჭირდება თვისობრივად გადააზრება - დევნიდან მზრუნველობაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე გადასვლა სჭირდება, სჭირდება მეტი ინვესტიცია ამ სფეროში, განათლებაში, ზიანის შემცირებაში იმისათვის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და ჩვენ ევროპული ტიპის ნარკოპოლიტიკა გვქონდეს", - განაცხადა საბა ბუაძემ.
პარტია "საქართველოსთვის" წევრს, თეონა აქუბარდიას კითხვები აქვს კანონის აღსრულების ნაწილთან დაკავშირებით.
"ეს არის დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის, თუმცა აქამდეც იყო კანონში კონკრეტული სიმკაცრე ნარკომოვაჭრეებთან დაკავშირებით, მათ შორის ე.წ. ჩამდებებთან დაკავშირებით, ამიტომ ერთია კანონი, მეორე - მისი აღსრულება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, ანტინარკოტიკული რეფორმის ინიციატივის მიხედვით, ნარკორეალიზატორების მიმართ მიდგომა მკაცრდება. სასჯელი მაქსიმალურად გამკაცრდება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის, განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. სანქციების ამოქმედება გათვალისწინებულია მომხმარებლებისთვისაც. ცვლილებები შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა ნორმებსაც.