ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან დროული და შეიძლება ითქვას დაგვიანებულიც კი იყო ამ კანონის შემოღება - ნინო წილოსანი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებზე

ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის მიღება დროულია, რადგან მავნე ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევას ცდილობენ.

წილოსანის განმარტებით, ოპოზიციური პარტიები და მათი აქტივისტები თავიანთი ქმედებებით ცდილობენ ხელი შეუშალონ მოსამართლეებს ობიექტური და სამართლიანი განაჩენის გამოტანაში

"მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ჩვენ ვადევნებთ თვალს ჩვენი მავნე ოპონენტები როგორ ცდილობენ ინსტიტუციების დანგრევას, ჩამოშლას, მათ საქმიანობისთვის ხელის შეშლას. მათ შორის, ის, რაც ამ პერიოდის განმავლობაში სასამართლოს დარბაზებში, სასამართლო პროცესებზე ხდებოდა, ეს არის სასამართლო სისტემაზე დარტყმა, მოსამართლეებისთვის ობიექტური და სამართლიანი განაჩენის გამოტანაში ხელის შეშლა. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ის მაგალითზეც რომ ავიღოთ, სადაც აუდიო, ვიდეო გადაღება იკრძალება და ადამიანები სხედან და ჩანახატებს აკეთებენ იმ პროცესის ვიზუალიზაციის გამოსახატად. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან დროული და შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებულიც კი იყო", - განაცხადა ნინო წილოსანმა.