Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730404773
ჩვენი ვალია, გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე, სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ბოლომდე იბრძოლებს და ხალხს ძალაუფლებას დაუბრუნებს.
„ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და მეტი არავის. შესაბამისად, როცა ჩნდება ჯგუფი, და მით უმეტეს მტერი, რუსეთი, რომელიც გადაწყვეტს ეს ძალაუფლება წაართვას ხალხს, ჩვენი ვალია ბოლომდე ვიბრძოლოთ და ეს დავიბრუნოთ. კონსტიტუციური გადატრიალება როდესაც ხდება ამ ჯგუფის მიერ, ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და მომავალზე. შესაბამისად, ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უნდა გავიდეთ ქუჩაში.
სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვართ შემდგარი პროდასავლური ოპოზიციური კოალიცია, ჩვენ ვართ გამარჯვებულები, რადგან გვაქვს თქვენი ნდობა და მანდატი. ეს გამარჯვება გვაკისრებს პასუხისმგებლობას, ბრძოლას წინ გავუძღვეთ. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ დიახაც, ეს იქნება ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, ქუჩაში, მტკიცე, მწვავე პროტესტში ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას.
ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ პროტესტი არა ქაოსური, არამედ დაგეგმილი და შედეგზე ორიენტირებული პროცესია.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პროტესტი არის არა ბრაზის გამოშვება, ქაოსი, არამედ კარგად გააზრებული, დაგეგმილი შედეგზე ორიენტირებული პროცესი. შესაბამისად პროტესტის ყოველი ეტაპისას, საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს, ავუხსნით, რას ემსახურება ესა თუ ის კონკრეტული აქცია, აქციის ფორმა და ა.შ ორშაბათს 7 საათზე რუსთაველზე ჩვენ გვინდა, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ ის ხალხი, ქართული საზოგადოება, რომელიც ცოტახნის წინ პრეზიდენტის საამაყო ლიდერობით შეიკრიბა რუსთაველზე, ისევ შევიკრიბოთ. უნდა ვთქვათ, რომ არამხოლოდ არ ვაღიარებთ შედეგებს, არამედ ვიცით, რა ჩაიდეთ, ვიცით, ის კრიმინალი, რომელიც განახორციელეთ და არ გაპატიებთ. იქვე წარგიდგენთ იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რითაც ვაპირებთ ამასთან დაპირისპირებას.
ასევე მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შტაბში შექმნილია ამ პროტესტის ჯგუფი, რომელიც ხვალვე მოიწვევს საზოგადოების წარმომადგენლებს. ყველა აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფს, ახალგაზრდებს, არაახალგაზრდებს. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უნდა წვლილი შეიტანოს ამ პროცესის დაგეგმვაში, მათ ექნებათ ამ სივრცეში სრული პატივისცემა, ესე ხელიხელჩაკიდებულები რუსებს გავაგდებთ ამ ქვეყნიდან“, – განაცხადა ხოშტარიამ.