ჩვენი კარი ღიაა საქმეზე სასაუბროდ, პროექტების განსახილველად, დასაფინანსებლად და საქართველოს კულტურის წარმოსაჩენად - თინათინ რუხაძე

რუხაძე

ჩვენი კარი ღიაა საქმეზე სასაუბროდ, პროექტების განსახილველად, დასაფინანსებლად და საქართველოს კულტურის წარმოსაჩენად, როგორც ადგილზე ლოკალურ, ისე საერთაშორისო დონეზე, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„ის მძიმე მოვლენები რომ მიდიოდა, 170 პროექტი დავაფინანსეთ მრავალი მილიონით, მათ შორის, ბევრი პროექტი უცხოეთში, წიგნის ბაზრობებიდან, ბიენალეებიდან, კინოფესტივალებიდან დაწყებული, დამთავრებული კულტურის დღეებით, გავუშვით და მეტი აქტივობები მივეცით ამ ადამიანებს, რომ მთელ მსოფლიოში გავიტანოთ ეს ყველაფერი. ნიუ იორკიდან დაწყებული, დამთავრებული შანხაიმდე, ყველგან ვიყავით“, – განაცხადა რუხაძემ.

ამ განცხადებით თინათინ რუხაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ ესახება ყველა სფეროში შემოქმედებითი პროცესის სრულყოფილად აღდგენა მიმდინარე პროტესტში ხელოვანთა ნაწილის აქტიურად მონაწილეობის და მათი პრეტენზიების ფონზე და აქვს თუ არა კომუნიკაცია მათთან, რადგან წინა მინისტრების შემთხვევაში იყო პრეტენზიები, რომ არ იყო კომუნიკაცია.

ამასთან, როგორც მინისტრმა განაცხადა, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ცენტრისა და კიდევ ბევრი სხვა ორგანიზაციისთვის ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტები მზადდება.

„სხვათა შორის, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ცენტრს იგივე წერილი მიუვიდა და ძალიან კარგად დაიწყეს მუშაობა, ძალიან კარგად. გეტყვით, რომ ამ ცენტრისთვის და კიდევ ბევრი სხვა ორგანიზაციისთვის მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტები მზადდება ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა რუხაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დაკავშირებით თვეები ან დღეები გვაშორებს სახელმწიფო ტენდერის გამოცხადებიდან.

„წელს იწყება, თვეები ან დღეები გვაშორებს სახელმწიფო ტენდერის გამოცხადებიდან, შესაბამისობების აქტები კეთდება. მოზარდ მაყურებელთა გითხარით, ზესტაფონის თეატრი იწყება და ბევრი სხვა“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.