1744002807
"ჩვენ ვხედავდით, რომ, სავარაუდოდ, უცხოური ფული, მათ შორის ევროპული ფული შემოედინებოდა შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონოდ" - ლევან მახაშვილი

"ჩვენ ვხედავდით, რომ, სავარაუდოდ, უცხოური ფული, მათ შორის ევროპული ფული შემოედინებოდა შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონოდ. ამიტომ გვაქვს საუბარი ყოველთვის, რომ გამჭვირვალობა არის საუკეთესო პასუხი," - ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკომისიის სკანდალს გამოეხმაურა.
"ალბათ, მომავალში არაერთხელ ვიხილავთ მსგავსი ტიპის წამოცდომებს თუ აღიარებებს. შემთხვევით ხომ არ გეცნობათ, იგივე სტილი, როდესაც შენვე აძლევ ფულს, შენვე განუსაზღვრავ დღის წესრიგს, შენვე ეუბნები, ვის უნდა ესროლონ კეფაში და ვის უნდა ესროლონ ფეხებში, ვისი ხმა უნდა ჩაახშონ და ვისი ხმა უნდა გააძლიერონ, თავადვე შეაფასონ ეს ყველაფერი და მერე თავისივე შეფასების საფუძველზე დამატებითი ფინანსები გამოუყონ ისევ ამ ორგანიზაციას. იგივე ჩაკეტილ წრეს შევეჯახეთ ჩვენ ფაქტობრივად ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვხედავდით, რომ, სავარაუდოდ, უცხოური ფული, მათ შორის ევროპული ფული შემოედინებოდა შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონოდ. ამიტომ გვაქვს საუბარი ყოველთვის, რომ გამჭვირვალობა არის საუკეთესო პასუხი," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, კომისიამ აღიარა, რომ მისი ფონდები მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად გამოიყენა, რათა ევროპელი კონსერვატორების ხმები ჩაეხშო. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა "ეი ექსპრესი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია სახსრებზე "ლაიფ" პროგრამიდან, რომელიც გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. როგორც გამოძიებამ აჩვენა, ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ნაწილი ევროპაში კონსერვატიული და ევრო-სკეპტიკური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. ევროკომისიამ ამ საკითხზე მოკლე განცხადება გაავრცელა: "კომისია მიიჩნევს, რომ აქტივისტური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა შეუსაბამო ლობისტურ საქმიანობას." - ნათქვამია ტექსტში.