ჩვენ დღეს დელეგაცია დაკომპლექტებული არ გვყავს PACE-ში, ამიტომ ვერანაირი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა-არცნობის საკითხი ვერ იქნება განხილული - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

არაფერი გასაკვირი ასეთ რეზოლუციებში არ არის, ვნახავთ იგივე სახელებს, იგივე ლიტველებს, იგივე ესტონელებს, იგივე უკრაინელებს, რომლებიც ევროსაბჭოში მანამდეც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცდილობდნენ გარკვეული მექანიზმების ამუშავებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან PACE-ს საქართველოს დელეგაცია დაკომპლექტებული არ არის, დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა-არცნობის საკითხი ვერ დადგება.

"არაფერი გასაკვირი ასეთ რეზოლუციებში არ არის, ვნახავთ იგივე სახელებს, იგივე ლიტველებს, იგივე ესტონელებს, იგივე უკრაინელებს, რომლებიც ევროსაბჭოში მანამდეც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცდილობდნენ გარკვეული მექანიზმების ამუშავებას. შეგახსენებთ, 2022 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც მიხეილ სააკაშვილი აღიარეს პოლიტპატიმრად და მისი გამოშვება მოგვთხოვეს. ასეთი რეზოლუციების შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ.

კიდევ ერთხელ: როცა ესტონელების, ლიტველების, უკრაინელებისა და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჭკუაზე დადის ამხელა ასამბლეა, და ქართველი ხალხის საწინააღმდეგო, ქართველ ხალხზე თავდამსხმელ რეზოლუციებს იღებს, რა თქმა უნდა, სერიოზულობადაკარგულია.

რაც შეეხება საკითხს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, შევახსენებ ყველას, მას შემდეგ, რაც იანვარში მიიღეს ქართველ ხალხი სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუცია, სადაც არ აღიარებენ, ადამიანებად არ მიიჩნევენ ჩვენი ქვეყნის 1 120 000 მოქალაქეს, ადამიანად არ გვთვლიან, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ დელეგაცია. მე ეს ვაცნობე PACE-ს პრეზიდენტს, ჩვენ დღეს დელეგაცია დაკომპლექტებული არ გვყავს PACE-ში, ამიტომ ვერანაირი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა-არცნობის საკითხი ვერ იქნება განხილული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.