1746007492
ჩემი დაკითხვა გააგრძელეს მამაკაცებმა. მითხრეს ჩვენ რაც გვაქვს დაბეჭდილი, შენ და შენი შვილები ამას რომ ნახავთ, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვას და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო - ნათია გედენიძე

„ჩემი დაკითხვა გააგრძელეს მამაკაცებმა. დაკითხვაში უცნაური კითხვები ჰქონდათ, რომ რატომ ვეპრანჭებოდი ჩემს ქმარს კამერასთან. ჩემგან იყო ქალური სიტუაციების გარკვევა. ვერ მივხვდი ორი უცხო ადამიანი რატომ უნდა იყოს ამით დაინტერესებული. კარგად მახსოვს, ბნელი ოთახი იყო, ამობრუნებული ფაილები ელაგათ მაგიდაზე. შენ კარგად უნდა დაფიქრდეო, რომ შენ მარტო ცოლი კი არა დედა ხარო და ორი შვილი გარეთ გელოდება რომ არც იციან სად ხარო“-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულ ირაკლი გედენიძის მეუღლემ, ნათია გედენიძემ განაცხადა.
ნათია გედენიძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, მისი დაკავების და დაკითხვის დეტალებს იხსენებს.
„ამას მოჰყვა ის, რომ შენ შვილები რომ გყავსო, ალბათ ძალიან გენატრება შვილებთან ჩახუტებაო. მოკლედ, საუბარი მიდიოდა იმაზე, როგორ მენატრებოდა შვილები და როგორი დედა და მეუღლე ვიყავი. შენ ბიჭიც გყავს, გოგოც გყავსო. ახლა, ამის ქვეშ ჩვენ რაც გვაქვს დაბეჭდილიო, ამას რომ ნახავო და შენი შვილები ნახავენო და არა მარტო შვილებიო, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვასო და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო. ჯერ არ გაჩვენებთო, ამისთვის შენ იცი რა უნდა გააკეთოო? რვეულის ფურცელზე იყო რაღაც ხელნაწერი და ამ ფურცელზე რაც წერია უნდა დაიზეპიროო და ამაზე კამერასთან აუცილებლად უნდა ისაუბროო. ამის შემდეგ ჩვენ შევთანხმდებით ამის გზა-კვალზეო, ამაზე უნდა იფიქროო. მე ჯერ არ ვიცი ეს რა არის, არც ვიცი რა წერია. გასაგებია მეთქი, ველოდები მეორე ეტაპს. აბრუნებენ პრინტერზე ამობეჭდილ ფაილს. ამ ფაილზე ვხედავ ჩემს საკუთარ ფოტოს, ჩემი მეუღლის გადაღებულს, ჩვენივე სახლში, ჩვენივე სტუდიაში, სახლის „ლუქით“. აი, ეს ფოტო რატომ უნდა ყოფილიყო კომპიუტერში იქ, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიანო. ფოტოზე ისეთი არაფერია, რაც კითხვებს ბადებს, მაგრამ არის პირადული. მე უკვე წარმოვიდგინე, სანამ ამას ამობეჭდავდნენ, რამდენი ადამიანი, მათ შორის, მამაკაცი განიხილავდა და უყურებდა მანამ, სანამ ჩემამდე ჩამოვიდოდნენ. ამის მერე, ყურებში დახშული მქონდა ხმები და დავკარგე გონება“-განაცხადა ნათია გედენიძემ.