ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს და საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
ექსპერტი იმ წარმატებულ ეკონომიკურ პროექტებზე წერს, რომელიც საქართველოში უკვე განხორციელდა
ან ახლა ხორციელდება და აღნიშნავს, რომ სწორედ ეს პროექტებია ბრიუსელის რეზოლუციების მიზეზი, რადგან ევროპა ხვდება - საქართველო მათ ხელიდან დაუსხლტა.
"მათემატიკაში ტერმინი „შედარებითი ანალიზი“ ნიშნავს კვლევის მეთოდს, რომლის დროსაც ერთმანეთს ადარებენ ორ ან მეტ მათემატიკურ ობიექტს, რათა გამოავლინონ: მსგავსებები და განსხვავებები, უპირატესობები და ნაკლოვანებები, ეფექტიანობა სხვადასხვა პირობებში, გამოყენებადობა კონკრეტულ ამოცანებზე. პოლიტიკაშიც მისი გამოყენება საკმაოდ თვალსაჩინოს ხდის საერთო სურათის დანახვას.
მაგალითად, შევადაროთ ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული, საქართველოში და ევროკავშირის ცენტრში პარალელურად და ერთდროულად მიმდინარე პროცესები. მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში დარეგისტრირდა 291 ახალი ჩინური კომპანია და აქტიურად მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი ქვეყანაში ცნობილი და მძლავრი საწარმოო ციკლების რელოკაციის განხორციელების მიზნით, რაც ქვეყანას რეგიონული ინდუსტრიული ჰაბის ფუნქციას და დამატებით სამუშაო ადგილებს შესძენს.
წარმატებულად ფუნქციონირებს ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა„ჰუალინგი“
(სრული სახელწოდება − Hualing Free Industrial Zone, ასევე ცნობილი როგორც Hualing FIZ), რომელიც 2015 წელს შეიქმნა ჩინური კორპორაცია Hualing Group-ის მიერ ქუთაისის შემოგარენში. იგი განლაგებულია 36 ჰექტარზე და ერთ-ერთია იმ რამდენიმე თავისუფალ ზონას შორის, რომლებიც მოქმედებს საქართველოში (მაგ., ფოთში, თბილისში და სხვაგან).
„ჰუალინგი“ ინტეგრირებულია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო კორიდორებში, რომლებიც აკავშირებს ევროპას და აზიას „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში. ეს არის ოფშორული ზონა საგადასახადო შეღავათებით, სადაც რეგისტრირებული კომპანიები გათავისუფლებული არიან ძირითადი გადასახადებისგან (დღგ, მოგების, შემოსავლის, დივიდენდების და სხვა) იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია ექსპორტზე გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ზონას მართავს Hualing Group, რომელსაც საქართველოს მთავრობისგან აქვს ექსკლუზიური კონცესია 30 წლის ვადით. მის ზონაში განლაგებულია მსუბუქი მრეწველობა (ტექსტილი, შეფუთვა), ნედლეულის გადამუშავება, ტექნიკისა და ელექტრონიკის აწყობა, ლოგისტიკური ცენტრები, საკვები და სამშენებლო მასალების წარმოება.ზონაში მოქმედებენ რეზიდენტები ჩინეთიდან, თურქეთიდან, დსთ-ის ქვეყნებიდან და საქართველოდანაც.
განსაკუთრებით ის კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე მუშაობენ.
Hualing Group ასევე ახორციელებს სხვა მსხვილ პროექტებს საქართველოში, მაგალითად: Hualing Tbilisi Sea Plaza თბილისში (საცხოვრებელი, სავაჭრო და სასტუმრო კომპლექსი). მთლიანობაში, ეს პროექტი თავსდება საქართველოს გეოეკონომიკურ კონცეფციაში − როგორც ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ლოგისტიკური და საინვესტიციო პლატფორმა. იგი მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილი. ამ დღეებში თბილისში გაიხსნა ე.წ. მშრალი პორტი − Tbilisi Dry Port, რომელიც გახდა პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი დედაქალაქში. მისი მშენებლობა განხორციელდა არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია AD Ports Group-ის მხარდაჭერით, რომელიც ფლობს პროექტის 60%-ს. პორტი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 კილომეტრში და პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ავტომაგისტრალებსა და ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რაც მას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. პირველ ეტაპზე პორტს შეუძლია წლიურად 100 ათასი კონტეინერის მიღება/გადამუშავება. პროექტის სამივე ფაზის დასრულების შემდეგ, მისი გამტარუნარიანობა გაიზრდება 200–250 ათას კონტეინერამდე წელიწადში. მშრალი პორტის ფართობი შეადგენს 28 ჰექტარს, სადაც განთავსებულია A და B კლასის საწყობები, ასევე საბაჟო სასაწყობე ინფრასტრუქტურა.
Tbilisi Dry Port მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (ე.წ. შუა დერეფნის) ფარგლებში, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კავკასიას და ევროპას. პორტი გახდება მნიშვნელოვანი რგოლი სატრანსპორტო ჯაჭვში, რომელიც აერთიანებს დასავლეთ აზიის წარმოებით ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან. იგი უზრუნველყოფს ეფექტიან კონტეინერულ მიმოსვლას, განსაკუთრებით ჩინეთიდან და შორეული აზიიდან შემოსული ტვირთებისთვის. პორტი ასევე გააძლიერებს სავაჭრო კავშირებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან.
აპრილში, 2025 წელს „ანაკლიის საზღვაო პორტის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა, რომ ტალღმჭრელი ბეტონის „X-ბლოკების“ საწარმოო საამქრო ექსპლუატაციაში გაიშვება ზაფხულში, რითაც შესაძლებლობა იქნება, ტალღმჭრელი ბლოკები დამზადდეს პირდაპირ პორტის სამშენებლო მოედანზე, ხოლო მათი განლაგება ზღვისპირა ზოლში, პირველ მონაკვეთზე (1370 მეტრი) დაგეგმილია უკვე ა.წ. შემოდგომაზე. საქართველოსთვის ეს იქნება „საუკუნის პროექტი“, რომელიც პირველ ეტაპზე შესაძლებლობას მისცემს 600 ათასი კონტეინერის მიღება/გადამუშავებას. 2025 წლის 24 მაისს უჰანიდან (Wuhan Central Station) გამოვიდა China‑Europe Railway Express − სატვირთო შემადგენლობა, რომლის კონტეინერები შეიცავენ მსუბუქ ტექნიკას, სასოფლო-სამეურნეო დანადგარებს და სამშენებლო მასალებს, საერთო ღირებულებით დაახლოებით 14.82 მილიონი იუანი (რამდენიმე მილიონი დოლარი). მატარებელი გადაადგილდება შემდეგ მარშრუტზე: ჩინეთი → ყაზახეთი → კასპიის ზღვა → აზერბაიჯანი → საქართველო (ფოთი ან თბილისი). გადაზიდვის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 18 დღეს. 2025 წელს დაგეგმილია დაახლოებით 300-კონტეინერიანი ბლოკ-მატარებლის გაგზავნა ჩინეთიდან შუა დერეფნით, ხოლო ტვირთის მიტანა საქართველოს პორტებამდე, საშუალოდ, 12 დღემდე შემცირდება…რომ არ დამავიწყდეს, რაში მდგომარეობს „შედარებითი ანალიზი“ − ამ პროცესების ფონზე ევროპარლამენტმა რასა იუკნავიჩიენეს მორიგი ანტიქართული რეზოლუცია მიიღო, ხოლო „კოლექტიური ხაზარაძე“ მისთვის „მტკივნეული“ გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგას: მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში. ბრიუსელის გადაწყვეტილებების მოტივატორია ის, რომ საქართველო ევრობიუროკრატიას და „ევროსაბჭოთა კავშირს“ ხელიდან გაუსხლტა. ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებდა ყველა იმპერიასთან მიმართებით მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. ხოლო „ხაზარაძეების“ მოტივატორია, იმ პოლიტიკურ ბაქანზე მარტო არ დარჩნენ, რომლის გასწვრივ და მათ გარეშე, ქვეყნის კეთილდღეობის მიმართულებით ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი ჩაივლის…"- წერს დავით ქართველიშვილი.