1769027328
ბიძინა გიორგობიანი: ჯერჯერობით გამოკვეთილია მსოფლიოს სამი პოლუსი - ამერიკა, ჩინეთი და შედარებით ამორფული, გაურკვეველი მომავლის რუსეთი, რომელიც ფაქტობრივად ევროპის წინააღმდეგაა ჩართული ომში
ჯერჯერობით გამოკვეთილია მსოფლიოს სამი პოლუსი - ამერიკა, ჩინეთი და შედარებით ამორფული, გაურკვეველი მომავლის რუსეთი, რომელიც ფაქტობრივად ევროპის წინააღმდეგაა ჩართული ომში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.
ევროკავშირის როლზე საუბრისას კი როგორც მან აღნიშნა, „ევროკავშირი, ერთიანი ერთეული უკვე ძნელად წარმოსადგენია“.
„რაც შეეხება ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით გამოკვეთილია მსოფლიოს სამი პოლუსი. პირველ რიგში, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ეკონომიკის და სამხედრო თვალსაზრისით ჯერჯერობით პირველ ადგილზე მყოფი სახელმწიფო. შემდეგი ეს არის ჩინეთი, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ტელევიზიით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩინეთის ელჩს საქართველოში გუშინდელი განცხადების გამო, თვითონ ჩინეთის სახელმწიფოს ასეთი პოზიტიური დამოკიდებულების გამო. მესამე ცენტრი, ეს არის უფრო შედარებით ამორფული და გაურკვეველი მომავლის, ეს არის რუსეთი, რომელიც ფაქტობრივად ევროპის წინააღმდეგაა ჩართული ომში.
ჩვენ ვნახეთ, რომ ტრამპმა პირდაპირ უთხრა ევროკავშირის პოლიტიკოსებს და მესვეურებს ევროკავშირის, რომ უკრაინის ომი ეს მათი ომია და მათი მისახედია. მე აქ არაფერი მესაქმება, ამ ომში საერთოდო. ჩვენ ევროპისგან და ამ ომისგან გვაშორებს დიდი ლამაზი ოკეანეო. უფრო მეტს დარდობს დიდ, ლამაზ ყინულის ნაჭერზე, როგორც მან გრენლანდიას უწოდა, ვიდრე უკრაინაზე.
აქვე აღვნიშნოთ ისიც, ჩვენ რომ ვყოფილიყავით ჩაბმული ამ ომში, რასაც ძალიან ცდილობდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, ფაქტობრივად მეოთხე წელი სრულდება უკვე, რაც ეს ომი დაიწყო, სად აღმოვჩნდებოდით ახლა და რა მდგომარეობაში ვიქნებოდით ჩვენ, როდესაც ერთ-ერთი მთავარი ინსპირატორი, წინა ადმინისტრაცია ამ ომის, ფაქტობრივად უკვე ჩახსნილია პოლიტიკური აქტიურობისგან, ხოლო მისმა გამგრძელებელმა ამ სახელმწიფომ, ხელები დაიბანა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ და მივდივართო“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.












