1769027328
ბიძინა გიორგობიანი: ევროკავშირმა არასწორი პოლიტიკის გამო მიიღო ის შედეგი, რასაც დღეს იმკის - რა მდგომარეობაში არიან და დღეს ევროკომისიის სპიკერმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე სალაპარაკოდ იპოვა დრო
ევროპა კარგა ხნის განმავლობაში იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ჩიხი, ის ადგილი, სადაც არ წყდება ის საკითხები, რაც დანარჩენ მსოფლიოზე ახდენს გავლენას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.
მისი შეფასებით, ევროკავშირმა არასწორი გათვლები გააკეთა და დღეს შესაბამის შედეგებს იმკის.
„მათ ამბიციები აქვთ დიდი, მაგრამ შესაძლებლობები - თითქმის არაფერი. ეს არის მინავლებადი პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც თავისი არასწორი გათვლებით და პოლიტიკით მიიღო ის შედეგი, რომელსაც დღეს იმკის. აშშ-მ იპოვა საკუთარ თავში განახლების პოტენციალი, მაგრამ ასეთი განახლების პოტენციალი ჯერჯერობით არ ჩანს ევროკავშირის შიგნით“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - ელოდებით თუ არა ბრიუსელის მხრიდან საქართველოსადმი დამოკიდებულების ცვლილებას? - გიორგობიანმა უპასუხა, რომ, ამ ეტაპზე, ის რაიმე ცვლილებას არ ელის.
„სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატური რეაქციებია მათი მხრიდან. რა მდგომარეობაში არიან და დღეს ევროკომისიის სპიკერმა პრესკონფერენციაზე იპოვა დრო, რომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე ელაპარაკა, რომელიც ისედაც შეზღუდულია. ევროპა არის საალყო მდგომარეობაში პოლიტიკურად და ეკონომიკურად და ისინი ანგარიშს უსწორებენ სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქვეყანას, რომელიც არის საკუთარი ეროვნული ინტერესებით დაკავებული და თავს იცავს. ჩვენ ხომ ევროპას თავს არ ვესხმით და არაფერს ვითხოვთ განსხვავებით აშშ-სგან - ის კონტინენტისხელა კუნძულს ართმევს ევროპას და ისინი პოულობენ დროს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ასეთი რიტორიკა გამოხატონ. ჩვენთან დაკავშირებით ბრიუსელისგან მე რაიმე ცვლილებას არ ველი, ვიდრე ეს კონტინგენტია - კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი… ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ევროპაში ძალიან რთულადაა საქმე, ჩვენ ინტერესებში არანაირად არ შედის სუსტი ევროპა, საითკენაც წაიყვანეს ამ პოლიტიკოსებად წოდებულმა ადამიანებმა“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.












