ბევრი პრობლემა იყო პენიტენციურ სისტემაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა მაშინდელ ხელისუფლებაში, პასუხისმგებელია ფაქტებზე, რაც იმ დროს ხდებოდა - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

"არ გვსურს, ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ" - გერმანიის ელჩის ეს განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. პიტერ ფიშერს შალვა პაპუაშვილი პასუხობს. სპიკერი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც იმყოფებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე ადეიშვილის დანაშაულებზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობის შემთხვევაში, გერმანიის მთავრობა მას ქვეყანაში შესვლას აუკრძალავდა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მმართველი გუნდის მხრიდან მუდმივად სისხლიანი 9 წლის შესახებ ამახვილებენ ყურადღებას.

"მუდმივად საუბარი სისხლიან 9 წელზე და კონკრეტულ ფიგურებზე, რომლებიც ქართულ პოოლიტიკაში მონაწილეობას არ იღებენ. ის, რომ ახლა ქართული ძალოვანი ე.წ. სტრუქტურის თანამშრომლები არიან დასანქცირებული კონკრეტული დანაშაულების გამო, არავითარ კავშირში არ იმყოფება რაღაც 14-15 წლის წინ მომხდარ შესაძლო.. ხომ უნდა არსებობდეს კონკრეტული მტკიცებულება, გასაგებია, რომ არსებობდა სერიოზული პრობლემები... ძალიან ბევრი პრობლემა იყო პენიტენციურ სისტემაში, რის გამოც სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა იმ დროინდელ ხელისუფლებაში, იყო კონკრეტულ სამართლებრივად პასუხისმგებელი იმ ფაქტებზე, რაც იმ დროს ხდებოდა", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.