1733258119
ბევრი გეგმა არ არსებობს, მოგვიწევს ბრძოლა ქუჩაში - ზურაბ ჯაფარიძე
როდესაც საუბარია, რა არის გეგმა და საით უნდა წავიდეთ, ბევრი გეგმა არ არსებობს – წინ ძალიან მოკლე ვადაა. ერთი ვადაა 21 ნოემბერი, რომელიც ბოლო ვადაა, რომ ცესკო-მ გამოაქვეყნოს ე.წ. შემაჯამებელი ოქმები და ბეჭედი დაარტყას ივანიშვილის რიცხვებს. მანამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცესკო-მ ვერ გაბედოს ამის გაკეთება, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამის შემდეგ არის კიდევ 10-დღიანი ვადა, როდესაც „ქართული ოცნება“ პარლამენტში უნდა შეიკრიბოს. ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, არ უნდა დაუშვან მათი ლეგიტიმაციის ცნობა.
„მგონი, ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ ერთმანეთი. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ქუჩაში, ამაზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერია. მინდა, გავიაზროთ რამდენიმე რაღაც. ის, რომ არჩევნები მოგვპარეს და ქვეყანას მომავალს პარავენ, გასაგებია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომელიც არასოდეს მისცემია, ეს ქვეყანა შეიძლება, 5-6 წელიწადში გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ეს ქვეყანა შეიძლება მოხვდეს თანამედროვე სამყაროში ყველაზე კარგ ქვეყნებში, ამის შანსი გვაქვს ახლა. ამის ნაცვლად, ახლა გვეუბნებიან, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ვენესუელასთან, ნიკარაგუასთან, რუსეთთან, „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ერთად. ფიზიკურად ვდგავართ იქ, ახლა, ამ წუთში.
ამის იქით თანამედროვე სამყაროში მეტი ფსკერი არ არსებობს, ამას გვახვევენ თავზე. ნაცვლად იმისა, რო ჩვენი შვილები ცხოვრობდნენ წარმატებულ, ყველაზე მაღალი კეთილდღეობის დონის ქვეყნებთან ერთად, გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ ვენესუელასთან, ნიკარაგუასთან, „ჰამასთან“ და ჰეზბოლასთან ერთად. ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხელის გულზე დევს. შეიძლება, რაღაცები არ გესმოდეს, ბოლომდე ვერ ხვდებოდე, მაგრამ წინ გიდევს, სად დგას ეს ქვეყანა. მეორე, არჩევნები მოგვპარეს და ამ ქვეყანას მომავალს პარავენ, მაგრამ მარტო ეგ არ მომხდარა. ასევე, რაც ივანიშვილმა გააკეთა, არის რომ, ის ეუბნება პუტინს და ჩვენ, რომ ეს ქვეყანა მას უდევს ჯიბეში და მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი ფორმით არათუ ძალაუფლებას შეინარჩუნებს, არამედ შეუძლია, ნებისმიერ სულელურ იდეას გაამარჯვებინოს. იძახა მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, ავკრძალავ ოპოზიციასო და ამ იდიოტური იდეით საბოლოო ჯამში დაწერა ის რიცხვები, რაც საბოლოო ჯამში დაწერა. ამის იქით აღარაფერია დარჩენილი, რასაც უნდა იმას გააკეთებს, ნებისმიერ სისულელეზე იძახის, რომ მე დავწერ იმ რიცხვებს, რაც მინდა. რეალობა რა არის, რეალობაა, რომ თქვენ გაიმარჯვეთ, პარტიებმა კიარ გაიმარჯვეს, თქვენ გაიმარჯვეთ და თქვენთან ერთად გაიმარჯვა ამ ქვეყნის ევროპულმა მომავალმა. ეს შენობა და მთელი ძალაუფლება ამ ქვეყანაში თქვენ გეკუთვნით, უბრალოდ არ გაძლევენ. ამიტომ, როდესაც საუბარია, რა არის გეგმა და საით უნდა წავიდეთ, ბევრი გეგმა არ არსებობს – წინ ძალიან მოკლე ვადაა. ერთი ვადაა 21 ნოემბერი, რომელიც ბოლო ვადაა, რომ ცესკო-მ გამოაქვეყნოს ე.წ. შემაჯამებელი ოქმები და ბეჭედი დაარტყას ივანიშვილის რიცხვებს. მანამდე ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვერ გაბედოს ცესკო-მ და კალანდარიშვილმა ამის გაკეთება. ჩვენი მეგობრები უნდა დაგვეხმარონ, რომ სახე აეხეს ყველას, ვინც ამ გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას, დედაბუდიანად უნდა დასანქცირდეს. ამის მერე არის კიდევ პატარა ვადა, ესაა 10-დღიანი ვადა, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია ცნონ. ეს არ უნდა დაუშვათ. ეს ყველას გასაკეთებელია, თქვენი გასაკეთებელია. თქვენს უკან აღარავინაა. მოგვიწევს ბრძოლა, ქუჩაში ბრძოლა და ამისთვის მზად იყავით. მეორედ აღარავინ დავიბადებით ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.