ბერდია სიჭინავა: შემოთავაზებულ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს ჩვენი საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერა არ ექნება

ბერდია სიჭინავა

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელზეც პარლამენტი მუშაობას დაჩქარებული წესით იწყებს, მათი საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერა არ ექნება.

"სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის წარმოდგენას, რა თქმა უნდა, ნულოვანი ზეგავლენა ექნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ამიტომ ამაზე დიდი ხანი არ უნდა დარჩეს პოლიტიკური დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, შემოთავაზებულ ცვლილებებს, რომელსაც გვიანონსებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, ჩვენი საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერა არ ექნება", - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე, პარლამენტი მუშაობას დაჩქარებული წესით იწყებს. მომავალ კვირას დეპუტატები სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალ თანამდებობას დაამტკიცებენ, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ახალ თანამდებობასთან ერთად ექნება ვიცე-პრემიერის სტატუსიც. მომავალ კვირას იგეგმება სუს-ის ახალ ხელმძღვანელად გეკა გელაძის არჩევაც. რაც შეეხება, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს - ამ თანამდებობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. ამ ეტაპზე ვაკანტურია აჭარის პირველი პირის პოსტი. მთავრობას ეყოლება მესამე ვიცე-პრემიერიც რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იქნება.