ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ჯეი დი ვენსთან შეხვედრისას რეგიონულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავს

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ხვალ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენთან, ჯეი დი ვენსთან შეხვედრისას რეგიონულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავს.

„ხვალ, ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ჩამოვა და ვისაუბრებთ. განვიხილავთ ორ საკითხს, ძირითადად ორ საკითხს. ჩვენს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებს და ჩვენს წინაშე არსებულ პოლიტიკურ შესაძლებლობებს. ჩვენ გადავლახავთ გამოწვევებს და შესაძლებლობებს სისრულეში მოვიყვანთ. ჩვენი ძალის წყალობით და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან თანამშრომლობის წყალობით, მე მჯერა, რომ რეგიონის ქვეყნებთან მეტ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ღაზაში 16 მოკლული მძევალი რჩება და ისრაელი მუშაობს მათ დასაბრუნებლად.

„ღაზაში თექვსმეტი მოკლული მძევალი რჩება, რომელთაგან ორი ტაილანდისა და ტანზანიის მოქალაქეა, ხოლო 14 ისრაელის მოქალაქე. ჩვენ შეუჩერებლად ვმუშაობთ მათ დასაბრუნებლად. არ ვაჭარბებ, ჩვენ შეუჩერებლად ვმუშაობთ ამ წმინდა მისიის შესასრულებლად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარები ქალაქ ღაზაში შეიჭრნენ, „ჰამასმა გააცნობიერა, რომ განადგურების პირას იყო“.

„ვინც ომის შეჩერების, დანებების, ხელების აწევისკენ მომიწოდებდით, ამ მოთხოვნებს რომ დავთანხმებოდი, ომი „ჰამასისა“ და მთელი ირანის ღერძის გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდებოდა. თქვენც იცით ეს და ჩვენ ყველამ ვიცით. ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი, როგორც ზესახელმწიფოს სტატუსი.მაგრამ კამპანია არ დასრულებულა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ჰამასმა გუშინ აშკარად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„ჩვენს წინააღმდეგ აგრესიისთვის ფასი ძალიან მაღალია და ასეც იქნება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელში არჩევნები დაგეგმილ დროს, 2026 წელს ჩატარდება.