1771362523
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს! ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია - ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის იუბილეს ულოცავს.
„ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს! ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია. საქართველოსთვის გამორჩეულად რთულ დროს, როდესაც ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის ღირსება, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მედიის თავისუფლება და სხვა უზენაესი ღირებულებები, როდესაც გარედან მართული ხელისუფლება ქვეყნის უშიშროებას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა გარდატეხა ქვეყნის და სახელმწიფოს ცხოვრებაში. საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა; აღდგა ბიზნესის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი; ქვეყნის სათავეში მოვიდა პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია; ოთხჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი; საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.
2012 წელს, დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში უდიდესი პიროვნული რისკის ფასად, ქვეყნის ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა ადამიანმა, რომელსაც ძალიან ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი. მან გვერდზე გადადო საკუთარი პირადი უსაფრთხოება და კეთილდღეობა და პირდაპირი მნიშვნელობით, თავი გადადო უცხოური აგენტურის კრიმინალური მმართველობისგან საქართველოს დასახსნელად. ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ საკუთარ სამშობლოზე განსაკუთრებულად შეყვარებულ ადამიანს შეეძლო.
პატრიოტიზმთან ერთად, გარედან მხარდაჭერილი დანაშაულებრივი რეჟიმის შეცვლას ჭირდებოდა განსაკუთრებული სიბრძნე და ინტელექტი. 2011 წელს არავის სჯეროდა, რომ დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სრული ხელყოფის პირობებში, არჩევნების გზით რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი იყო. თუმცა, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა, ის ბიძინა ივანიშვილმა გროსმაისტერული გათვლებით და სვლებით გახადა შესაძლებელი.
ზუსტად ასეთივე გამორჩეულ ქვეყნის სიყვარულს და სიბრძნეს მოითხოვდა 2022 წლის შემდეგ საქართველოს გადარჩენა მოვლენების იმგვარი განვითარებისგან, რომელმაც უკრაინას ეგზისტენციალური პრობლემები შეუქმნა. ამ შემთხვევაშიც, იმ უმძიმეს ზეწოლასთან და შანტაჟთან დაპირისპირება, რომელიც ჩვენი ქვეყნის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხორციელდებოდა, მოითხოვდა, ერთი მხრივ, სამშობლოს განსაკუთრებულ სიყვარულს და მისთვის თავდადებას, ხოლო, მეორე მხრივ, გამორჩეულ სიბრძნეს და ინტელექტს. ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში მოთმინებით საქმის კეთების კულტურა, რომლის ნაკლებობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანას უამრავი შეცდომა დააშვებინა. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მმართველი გუნდი საქართველოს საკეთილდღეოდ მომავალშიც დიდ წარმატებებს მიაღწევს.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს, ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას!“ - წერს კობახიძე.











