ბადრი ჯაფარიძე არჩევნებში მონაწილეობაზე: გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ შეგვიცვლია - ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით

ბადრი ჯაფარიძე

არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრებისა და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს, რუსთავის საპატიმროს დატოვების შემდეგ განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ამომრჩეველს მათ იმედი არ უნდა გაუწბილონ.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველა ადამიანს აქვს უფლება ბოიკოტის, ამას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ ამავდროულად ის ასიათასობით ოპოზიციონერი ადამიანი, ამომრჩეველი, რომელიც მოვა ოპოზიციონერი 4 ოქტომბერს არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გავუწბილოთ. მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ყაველაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სურს არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.

ასევე შეგახსენებთ, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო.

მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.