აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობისა და საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტების ანგარიშები განიხილა

პარლამებტი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ორი ანგარიში განიხილა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა აუდიტის ჯგუფის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობისა და საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტების ანგარიშები გააცნო.

საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშზე საუბრისას, გიორგი კეკელიშვილმა განაცხადა, რომ აუდიტის ობიექტს  13 სახელმწიფო უწყება წარმოადგენდა: სახალხო დამცველის აპარატი, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის განვითარების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია,  იუსტიციის სამინისტრო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მისივე თქმით, აუდიტის პერიოდი 2022-2023 წლებს მოიცავდა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საკითხის შესწავლის დროს გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: ნაკლოვანებები სადღეღამისო ნორმების გაცემისას, სასტუმროში განთავსების ნორმების არარსებობა და ნაკლოვანებები ავიაბილეთების შესყიდვის პროცესში.

გიორგი კეკელიშვილის განცხადებით, აღნიშნული მიგნებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ორი რეკომენდაცია გასცა.

სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშზე საუბრისას, გიორგი კეკელიშვილმა განაცხადა, რომ აუდიტის ობიექტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენდა, ხოლო  აუდიტის პერიოდი  2022-2024 წლებს მოიცავდა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სათანადოდ გაანალიზების მიზნით, გამოყენებული იყო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აუდიტი შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: საქართველოს განვითარების სტრატეგიის მიმდინარეობის  პროცესის ბიუჯეტთან თავსებადობა; პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვა; საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების დაგეგმვა და შესრულება; ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვისას.

მისივე თქმით, მიგნებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებაში ოთხი რეკომენდაცია გაიცა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მიზნით, რეკომენდაციები ასევე გადაეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას.