ასლან ბჟანია აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია კვლავ აპირებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვიცი, რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. ჩემი გუნდი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას“, - განაცხადა ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

სავარაუდოდ, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის თებერვალში ჩატარდება. ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აფხაზეთში ვითარება 15 ნოემბერს დაიძაბა. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს რუსეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოეხდინა. შეთანხმება რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევდა.

ამ დღესვე აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან დილიდან დაიწყეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეკრება. სხდომა დღის წესრიგის არდამტკიცების გამო ვერ შედგა. საღამოს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული ხელშეკრულების უკან გაწვევის მომზადება დაიწყო.

მოგვიანებით კი მომიტინგეები სოხუმში პარლამენტის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ოპოზიციასა და ბჟანიას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.