აშშ-ს და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული უკრაინა და ევროკავშირი - პედრო სანჩესი

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული უკრაინა და ევროკავშირი. ამის შესახებ პედრო სანჩესმა პარიზში ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ თუ გვინდა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და არ გვინდა კონფლიქტის ცრუ დასრულება, ვითხოვთ ევროკავშირისა და უკრაინის აქტიურ მონაწილეობას“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

პედრო სანჩესის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციის ქმედებები შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის.

„შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება, რადგან აშშ-ის ადმინისტრაცია აყალიბებს საფუძველს, რომ მშვიდობისკენ მიმავალი მოლაპარაკებები დაიწყოს“, – აღნიშნა მან და თქვა, რომ წარსულის შეცდომები არ უნდა განმეორდეს, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პუტინის რუსეთი სხვა ქვეყნების ტერიტორიების ანექსირებას ახდენს.

„ამ მოლაპარაკებებს, შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს კონფლიქტის ცრუ დასრულება. ეს უნდა იყოს ნამდვილად შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“, – თქვა სანჩესმა.