აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე განხორციელებული მასშტაბური დარტყმების მორიგი სერიის შესახებ იუწყება

ნკ

 აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, გვიან ღამით ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ზედიზედ მე-11 ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

CENTCOM-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმები მიიტანეს ირანის სამხედრო ოპერაციების მართვის ცენტრებზე, საზღვაო შესაძლებლობებზე, სამხედრო ავიაციის ანგარებზე, უპილოტო საფრენი აპარატების საცავებსა და სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე. სარდლობის განმარტებით, ოპერაციის მიზანი ირანის შესაძლებლობების კიდევ უფრო დასუსტება იყო, რათა მან ვეღარ შეძლოს ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისთვის საფრთხის შექმნა.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ირანმა რეგიონული და გლობალური ვაჭრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საერთაშორისო საზღვაო მარშრუტზე მოძრავ 30-ზე მეტ კომერციულ გემს შეუტია. CENTCOM-ის შეფასებით, ეს „გაუმართლებელი თავდასხმები“ საფრთხეს უქმნიდა ასობით მშვიდობიან მეზღვაურს და ზიანს აყენებდა ნაოსნობის თავისუფლებას.

ამასთან, CENTCOM აცხადებს, რომ ირანის აგრესიის მიუხედავად, ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის კვლავ ღიაა. სარდლობის ინფორმაციით, მაისის დასაწყისიდან CENTCOM-ის ძალებმა ხელი შეუწყვეს დაახლოებით 900 კომერციული გემისა და 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის უსაფრთხო ტრანზიტს.