არცერთი პოლიტიკური ლიდერი, არცერთი სახელმწიფო საქართველოს არ სთხოვდა ომში ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას - ლევან ბეჟაშვილი

ლევან ბეჟაშვილი

ომი უკრაინაში, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა და ის უმძიმესი შედეგი, რომლის თავიდან არიდებაც ქვეყანამ შეძლო, - სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილი წერს, რომ დასასრულისკენ მიმავალი ომის და უკრაინის წინაშე მდგარი მძიმე არჩევანის ფონზე კარგად ჩანს, რისთვის სწირავდნენ საქართველოს. სპიკერი იხსენებს ამერიკის ელჩთან შეხვედრას. "ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა საქართველოს ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, რაც არათუ საჯაროდ, არამედ ჯეიმს ო"ბრაიენისთვის მაქვს ნათქვამი", - წერს სპიკერი.

მისივე თქმით, არ არსებობდა ახსნა, რა პირით ითხოვდნენ საქართველოსგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკზე წასვლას. "ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდა, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი ომია," - წერს შალვა პაპუაშვილი.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ არცერთი სახელმწიფო არ სთხოვდა საქართველოს ომში ჩართვას.

"არცერთი პოლიტიკური ლიდერი, არცერთი სახელმწიფო საქართველოს არ სთხოვდა ომში ჩართვასა და მეორე ფრონტის გახსნას, არცერთი სახელმწიფო საქართველოს არ სთხოვდა სანქციებთან შეერთებას, ესეც არის "ქართული ოცნების" ტყუილი, რომლის საფუძველზეც დღეს ისინი არიან ხელისუფლებაში", - აცხადებს ბეჟაშვილი.