არც ერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე. პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო - მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაზე

სარჯველაძე

არც ერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე. პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებაზე, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

„სახელმწიფო პასუხისმგებლობას ამავდროულად, იღებს იმაზე, რომ ეს სერვისი იქნება მიწოდებული იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ის სტანდარტი, რაც აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. თვითონ სერვისის დიზაინი, რაც შეეხება იმას, როგორ იქნება ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, დარჩება უცვლელი - იქ, სადაც იყო უფასო კომპონენტი, დარჩება უფასო. სადაც იყო ფასიანი, იქაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დარჩება ეს უცვლელად. მაგრამ რასაკვირველია, ეს იქნება ორიენტირებული ხელმისაწვდომობაზე, საჭიროებაზე”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ".

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.