წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773866558
არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გაიხსენა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს უწმინდესის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
მისივე თქმით, ყველა მართლმადიდებელს პატრიარქი, ფაქტობრივად, უკვდავი ეგონა.
„ვუსამძიმრებ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, რომლებიც ნამდვილად ჩვენი პატრიარქის სულიერი შვილები ვართ და ყველანი ძალიან განვიცდით ჩვენი უწმინდესის გარდაცვალებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პატრიარქი უკვდავი გვეგონა და ვერ წარმოგვედგინა, რომ შეიძლებოდა გარდაცვლილიყო. იმდენად დიდი იყო ჩვენი მის მიმართ სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენ მიმართ და ჩვენს გულებში სულ გვინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო. სამწუხაროდ, დადგა ის დღე, როცა ჩვენ გარდაცვლილ პატრიარქზე გვიწევს
საუბარი და ძალიან ვწუხვართ ამის გამო“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.
მან ასევე ისაუბრა ილია მეორეზე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელზე.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თითქმის 50 წლის განმავლობაში იყო მამამთავარი და ეს ისტორიას არ ახსოვს - ამდენხანს მამამთავარი ჰყოლოდა ჩვენს ქვეყანას და თან ასეთი მამამთავარი, რომელიც ნამდვილი, ჭეშმარიტი მამა იყო და მწყემსი კეთილი; რომელიც ჰბაძავდა უფალ იესო ქრისტეს და ჩვენც გვასწავლიდა, რომ მიგვებაძა იესო ქრისტესთვის - სიკეთით, მადლმოსილებით, მრავალმხრივი ნიჭით. ნიჭიც ხომ საღვთო მადლია და ჩვენს პატრიარქს მრავალმხრივი ნიჭი ჰქონდა - გალობის, ხატვის და ბევრი სხვა. მისი ერთ-ერთი მთავარი საღვთო ნიჭი იყო რწმენა. ჩვენ მის ნაყოფს სწორედ აქ ვხედავთ - სამების საკათედრო ტაძარს. როდესაც ამ ტაძრის მშენებლობა იწყებოდა, იყო შემთხვევებიც, როცა დასცინოდნენ კიდეც და ამბობდნენ, ქართველები დიდ აუზს აშენებენო, როდესაც ამხელა საძირკველი ამოითხარა. ვერავის წარმოედგინა, რომ სამების საკათედრო ტაძარი შეიძლებოდა აშენებულიყო და დღეს ჩვენ აქ ვდგავართ. აქ ათიათასობით ნათლობაა შესრულებული და მისი ათასობით ნათლულიც მობრძანდება დღეს. მისი უწმინდესობის ერთ-ერთი საშვილიშვილო გადაწყვეტილება იყო, რომ მესამე და შემდეგ შვილსაც მონათლავდა და უამრავი ბავშვი გაჩნდა სწორედ ამ ინიციატივის გამო, რომ პატრიარქი იქნებოდა მათი ნათლია“, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.