არიან პოლიტიკური წრეები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს მიმართ მენტორული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, ჩვენთან ურთიერთობა პარტნიორული უნდა იყოს - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

არიან პოლიტიკური წრეები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს მიმართ მენტორული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ და ეს ხშირად შეურაცხყოფაში გადასდით ქვეყნისა და ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ჟიგიმანტას პავილიონისის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ის ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებს აღარ იკავებს.

„რა მნიშვნელობა აქვს, ჟიგიმანტას პავილიონისი თანამდებობაზე იქნება თუ არა. ეს არის ამ ადამიანის და გარკვეული პოლიტიკური წრეების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. არიან პოლიტიკური წრეები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს მიმართ მენტორული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ და ეს ხშირად შეურაცხყოფაში გადასდით ქვეყნისა და ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი ქმედებები შენიღბონ, მაგრამ შინაარსობრივად ეს პირდაპირ პოლიტიკური ინტერესის მატარებელია, მათ საქართველოში გარკვეული ძალების მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ. აქედან გამომდინარე, თავს უფლებას აძლევენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ, შიდა თუ საგარეო საქმეებში ჩარევის უფლებას აძლევენ. ჟიგიმანტას პავილიონისი სადაც არ უნდა იყოს, მის ნაცვლად სხვა მოიძებნება. საქართველოსთან ურთიერთობა პარტნიორული უნდა იყოს და არა 21 საუკუნის ნეოკოლონიალიზმის ახალი ნიმუშები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.