არჩილ გორდულაძემ სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულ იარაღზე: შეეცადნენ, რომ მოქმედებაში მოეყვანათ ის გეგმა, რომელიც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას

არჩილ გორდულაძე

შეეცადნენ, რომ მოქმედებაში მოეყვანათ ის გეგმა, რომელიც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულ იარაღზე.

„რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ის თანამშრომლების მიერ გაწეული სამსახური, საქართველოში მოხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ რამდენიმე ათეული წლის წინ. ჩვენ დავბრუნდებოდით 90-იან წლებში, როდესაც განუკითხაობა სუფევდა და სწორედ ეს მიზანი ჰქონდათ ადამიანებს, რომლებმაც სხვადასხვა ადგილას გადამალეს ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დაგეგმეს და შეეცადნენ, რომ მოქმედებაში მოეყვანათ ის გეგმა, რომელიც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ვაზნები, ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, ფეთქებადი ნივთიერება - ტროტილი და ასაფეთქებელი მოწყობილობები - 3 ელექტროდეტონატორი და ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - სუსის ოპერატიული ინფორმაციით, ამ საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში, ოთხ ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო.