არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტი რომ გადაქცეულია დეზინფორმაციის გამავრცელებლად, ეს ნათლად ჩანს საქართველოს მაგალითზე. რა თქმა უნდა არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით რეალობა დაეწერათ

არჩილ გორდულაძე

ევროპარლამენტი და ევროკომისია რომ გადაქცეული არიან დეზინფორმაციის გამავრცელებლად, ეს ნათლად ჩანს საქართველოს მაგალითზე. ახლა, რა თქმა უნდა, მათაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებული არსებული რეალობა დაეწერათ, - ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი.

მისი თქმით, უკრაინასა და მოლდოვაში არსებული რეალობა დოკუმენტში რომ აესახათ, მაშინ საქართველოს შესახებ კრიტიკულ განცხადებებს ვეღარ გააკეთებდნენ.

„ისინი არა მხოლოდ სიტყვას და გამოხატვას ებრძვიან, სიმართლეს ებრძვიან, ისინი ფაქტებს ებრძვიან, მათ შორის წერილობითი ფორმითაც, რაც გამოიხატება ანგარიშში მოლდოვისა და უკრაინის შესახებ სიმართლის თქმის შეუტანლობაში. შეუძლებელია კორუფციაზე, მედიის წინააღმდეგ, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითები ჩაეწერათ თავისსავე ანგარიშში და შემდეგ აქედან გამომდინარე საქართველოზე განცხადებები გაეკეთებინათ მაშინ, როდესაც საქართველოში ამის აბსოლუტურად საპირისპირო მოცემულობა გვაქვს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.

აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკამ“ კითხვით ევროკავშირის საელჩოს მიმართა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.