არჩილ გორდულაძე: ადამიანები თუ მოინდომებენ, დაფიქრდებიან და ობიექტურად გაეცნობიან ინფორმაციებს, შეუძლებელია, რომ ისინი არ მივიდნენ დასკვნამდე, თუ რა დონის ზეწოლა მიმდინარეობს საქართველოზე

არჩილ გორდულაძე

ადამიანები თუ მოინდომებენ, დაფიქრდებიან და ობიექტურად გაეცნობიან ინფორმაციებს, შეუძლებელია, რომ ისინი არ მივიდნენ დასკვნამდე, თუ რა დონის ზეწოლა მიმდინარეობს საქართველოზე, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვამს, რომ როდესაც მოვისმინეთ რობერტ ფიცოს განცხადება და მიმართვა, ქვეყანა სლოვაკეთს თუ შევცვლიდით საქართველოთი, ერთი-ერთში მსგავსი მოვლენები ვითარდება. იმავეს გაკეთება უნდათ უნგრეთში, იგივე ვნახეთ მოლდოვაში. მიმდინარეობს მათთვის არასასურველ ადამიანებზე ხაზის გადასმა, უქმდება სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიები, ადამიანებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ. იგივე ვნახეთ საფრანგეთსა და გერმანიაში. ყველაფრის ერთი ლაიტმოტივია სიტყვა პრორუსული. საკმარისია მხოლოდ ეს ერთი სიტყვა და შემდეგ აღარაფრის მტკიცებაა საჭირო და თვითონ ამ ადამიანებმა უნდა იმართლონ თავი.

სამწუხაროდ, ასეთ მსოფლიოში გვიწევს ცხოვრება. სხვა ქვეყნები თავიანთ სატკივარს თვითონ მიხედავენ, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა. როდესაც ასეთი გამაოგნებელი, ყველანაირ ზღვარს გადასული ზეწოლა არის ჩვენს ქვეყანაზე. ამიტომ არის, რომ ხმას ვიმაღლებთ. თუ წარსულში უბრალოდ არ შეგვეძლო მთელ რიგ საკითხებზე საუბარი, ახლა ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ მიმართ მითითებები, თითის დაქნევები, დაშანტაჟებები, მუქარები უბრალოდ არ ჭრის. არასდროს ჭრიდა ქართველზე მუქარა და შანტაჟი, რადგან ეს ჩვენს ღირსებას შეურაცხყოფს.

რაც ჩვენთვის ღირსების შეურაცხმყოფელია, ამაზე ხელის მომწერი ხელისუფლება წარსულში გვყავდა, მაგრამ ახლა და მომავალში არასდროს იქნება მსგავსი ხელისუფლება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.