არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ დაფუძნებულია პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის თენგიზ თევზაძისა და ცესკოში „ლელოს“ წევრის - გიორგი სიორიძის მიერ - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძემ პარიზში, სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ცესკო-ში არჩევნებისთვის რეგისტრირებული იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მიკერძოებულები არიან და პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პარტიებთან.

მისი თქმით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მიკერძოებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“, რომელიც „ახალის“ გენერალურმა მდივანმა, თენგიზ თევზაძემ და ცესკო-ში „ლელოს“ წევრმა - გიორგი სიორიძემ დააფუძნეს.

„ცესკოში საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ დაფუძნებულია პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის თენგიზ თევზაძისა და ცესკოში „ლელოს“ წევრის - გიორგი სიორიძის მიერ. ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრია მეგი კობახიძე, რომელიც არის ცესკოში „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ წევრის, ანა კობახიძის და და რომელსაც სტრატეგია აღმაშენებლის სასარგებლოდ 2998 ლარის შემოწირულობა უფიქსირდება. თენგიზ თევზაძეს უფიქსირდება პოლიტიკური პარტია „ახალის“ სასარგებლოდ 10 000 ლარის შეწირვა, ხოლო გიორგი სიორიძეს 3680 ლარი პარტია „ლელოსთვის“. უფრო მეტიც, ეს ორგანიზაცია - „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ დაფუძნებულია ცესკოში „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ წევრის, ანა კობახიძის იურიდიულ მისამართზე.“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძემ ასევე ისაუბრა პლატფორმა „ხმის გუშაგის“ შესახებ, რომელსაც გაცხადებული აქვს არჩევნებზე ნეიტრალური დამკვირვებლის სტატუსი, თუმცა, მისი განცხადებით, ამ შემთხვევაშიც იკვეთება კრებსით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების ინტერესი.

„აღსანიშნავია, რომ „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფისა“ და ორგანიზაცია „12 სართული ევროკავშირისთვის“ მიერ დაორგანიზებულია პლატფორმა „ხმის გუშაგი“, რომელსაც გაცხადებული აქვს არჩევნებზე ნეიტრალური დაკვირვების განხორციელება; თუმცა, როდესაც იკვეთება კრებსით ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირების ინტერესი, აქ ნეიტრალიტეტზე საუბარი უადგილოა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.