არჩევნები საერთო საქმეა - 2 დღე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენამდე - ინტერვიუ გიორგი კალანდარიშვილთან

გიორგი კალლანდარიშვილი

26 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები, რომელიც  განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რამდენიმე ფაქტორის გამო.

პირველი - არჩევნები ტარდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ შესაბამისი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები და კარგი პრაქტიკა უნდა იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი - შეიცვალა საარჩევნო სისტემა. კონსტიტუციაში ერთ-ერთი ბოლო ცვლილების შესაბამისად, ნაცვლად შერეული - პროპორციული და მაჟორიტარული სისტემისა, იქნება მხოლოდ პროპორციული. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი ერთი პოლიტიკური გაერთიანება. 

მესამე - ეს გახლავთ ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია, რომლის ფარგლებშიც ამომრჩევლების თითქმის 90% ხმას ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მისცემს.

რა გზა გაიარა და რა გამოცდილება აქვს საარჩევნო ადმინისტრაციას ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით?

ტექნოლოგიების დანერგვა 2022 წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საარჩევნო კოდექსში  შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა გარკვეულწილად ისარგებლა საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებით, რომელიც 2018 წლიდან ატარებდა ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო უბნებზე ტესტირებას. დღემდე,  რეალური, შუალედური თუ რიგგარეშე არჩევნების ჭრილში

ტექნოლოგიური საშუალებების პილოტირება რვაჯერ განხორციელდა. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზმა მისცა კანონმდებელს იმის შესაძლებლობა, რომ მრავალპარტიული შეთანხმებით მიეღოთ ეს ცვლილებები.

ევროპული და საერთაშორისო სტანდარტი მდგომარეობს იმაში, რომ თუ სახელმწიფო მიიღებს ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას, ის რამდენჯერმე უნდა იყოს პილოტირებული, ტესტირებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას, ინსტიტუციას მოგვეცა ეს შესაძლებლობა,  8 პილოტისა და რეალური არჩევნების პირობებში, რომელშიც საერთო ჯამში 121 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, გვენახა და შეგვესწავლა

მრავალი დეტალი. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ეტაპობრივად, ყოველი არჩევნებისას გამოვკვეთდით გარკვეულ საკითხებს, რომელიც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებდა და დახვეწისა და განვითარების საშუალებას იძლეოდა. 

იყო ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც, შესაძლებლობის ფარგლებში, ინსტიტუციამ მაქსიმალურად გაითვალისწინა. გავეცანით საერთაშორისო გამოცდილებას, ადმინისტრაციის წარმომადგენლები არაერთ ქვეყანაში ვიყავით, სადაც  ტექნოლოგიური საშუალებების ეროვნული მასშტაბით გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ყოველივე ამან მოგვცა შესაძლებლობა, პროცედურები და ბიზნესპროცესი დაგვეხვეწა, განგვევითარებინა იმ სახით, როგორსაც ამას პირველად, ეროვნული მასშტაბით 26 ოქტომბერს ამომრჩევლებს შევთავაზებთ.

რას გულისხმობს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება და რამდენად იქნება ხმის ფარულობა დაცული?

როდესაც ვსაუბრობთ ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, ელექტრონულ არჩევნებზე და ზოგადად საარჩევნო ტექნოლოგიებზე, შევახსენოთ ჩვენს მკითხველს, რომ ელექტრონულია არჩევნები, როდესაც ხმის მიცემის, ხმების დათვლის, შედეგების გადაცემის, ან ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ნაწილში, რომელიმე ამ კომპონენტში, გამოიყენება რომელიმე ტექნოლოგიური საშუალება, მათ შორის ინტერნეტი. შესაბამისად, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მუსირებს აზრი, თითქოს ელექტრონული არჩევნები იმთავითვე უდრის ინტერნეტის გამოყენებას, დისტანციურ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ, როდესაც ინტერნეტის გამოყენებას ვერიფიკაციისა და ხმების დათვლის ნაწილში ადგილი არ ექნება.  ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა და საკანონმდებლო ორგანოში იყო შეთანხმება, რომ ინტერნეტი არ ყოფილიყო გამოყენებული და პროცესი დაზღვეული ყოფილიყო

მანიპულაციის, გარე ჩარევისა და კიბერშეტევების შესაძლო მცდელობებისაგან.  შესაბამისად, ამ მხრივ მოწყვლადობა მოხსნილია და შექმნილია ისეთი მოდელი, ისეთი სისტემა, რომელიც აუდიტირებადია.

რაში მდგომარეობს ეს? - ასევე ევროპული სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით,  პროცესში გათვალისწინებულია  ქაღალდის კვალის არსებობის საჭიროება ე.წ. Paper Trail, რომელიც იძლევა როგორც ვერიფიკაციის, ასევე ხმების მოთავსებისა და დათვლის ნაწილში პროცესის გადამოწმების და მონიტორინგის, აუდიტირების შესაძლებლობას. ეს პროცესს სძენს ძალიან დიდ გამჭვირვალობასა და საჯაროობას.

ანუ კანონმდებლობით,  ყველა უბანზე, სადაც ტექნოლოგიური საშუალება იქნება განთავსებული, ბიულეტენები კომისიის მიერ უშუალოდ გადაითვლება და საბოლოო შედეგი ამის მიხედვით დაფიქსირდება. თუმცა აქვე დავამატებდი, რომ როგორც  განვლილმა რვა პილოტმა დაადასტურა, აპარატის მიერ დათვლილი და ხელით დათვლილი ფაქტობრივად თანხვედრაშია ერთმანეთთან, გარდა მცირედი,  მიზერული სხვაობისა, რომელსაც ასევე თავისი ლეგიტიმური ახსნები, წინა არჩევნების ჭრილში მოქმედი კანონიდან გამომდინარე, ჰქონდა.

მაგრამ დღეს ეს სხვაობებიც საკანონმდებლო დონეზე გადაზღვეულია.  აპარატი კატეგორიულია და ნამდვილი იქნება ხმა იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ერთი წრე იქნება სათანადო წესით გაფერადებული ან წრის შიდა სივრცე მონიშნული. სხვა შემთხვევაში, თუ საერთოდ არ იქნება გაფერადებული, ან ერთზე მეტი წრე იქნება  გაფერადებული, ბიულეტენი უპირობოდ ბათილია. იგივე წესი ვრცელდება ასევე ხელით დათვლის ნაწილში, კომისიას დისკრეცია იმის თაობაზე, რომ მან განიხილოს და იმსჯელოს ე.წ. საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენის ნამდვილობა-ბათილობასთან მიმართებაში, აღარ გააჩნია. 

იხილეთ სრულად