არასამთავრობო სექტორის უდიდესი ნაწილი წლების წინ თვითონ წერდა, რომ ამ სექტორში არის გამჭვირვალობის პრობლემა - არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მორჩილებას არავინ ითხოვს, მათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ევალებათ.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი წლების წინ თავად წერდა, რომ ამ სფეროში გაუმჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრობლემა დგას.

"არც მორჩილებას ითხოვს მათგან არავინ და არც დაუმორჩილებლობა აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას და არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ერთადერთი, მოეთხოვებათ, რომ პატივი სცენ კანონს და შეასრულონ ის უბრალო, მარტივი მოთხოვნები, რაც კანონით არის გათვალისწინებული - დეკლარაციის ჩაბარება წელიწადში ერთხელ.

მაშინ, როდესაც დეკლარაციას აბარებს მთელი ბიზნეს სექტორი, საჯარო სექტორები და თანამდებობის პირები, ერთადერთი სექტორი, რომელიც რჩებოდა გამჭვირვალობის და დეკლარაციის გარეშე, იყო სწორედ არასამთავრობო სექტორი. რამდენიმე ორგანიზაციამ მონოპოლიის ჩამოყალიბება სცადა აზრზე - თითქოს, მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციას ეკუთვნის აზრის გამოხატვის უფლება ისე, რომ საერთოდ არ გაითვალისწინოს არასამთავრობო სექტორის უდიდესი ნაწილი, რომელიც წლების წინ თვითონ წერდა, რომ ამ სექტორში ნამდვილად არის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრობლემა," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

იქამდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ისინი კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" არ დაემორჩილებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო გუშინ, 28 მაისს დაძლია.