არანაირი ვალდებულება იმისა, რომ ვრცელი განცხადება გააკეთოს საუბარზე, რომელიც შედგა ვაშინგტონში, მას არ აქვს - რაც შეეხება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მოთხოვნებს, ისტერიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა - ვოლსკი

გია ვოლსკი

 საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტსა და იქ გამართულ შეხვედრის თემას ეხმაურება. მისი შეფასებით, შეხვედრის შინაარსის საკითხზე ოპოზიციის მოთხოვნები ისტერიკის გამოვლინებაა.

„არანაირი ვალდებულება იმისა, რომ ვრცელი განცხადება გააკეთოს საუბარზე, რომელიც შედგა ვაშინგტონში, მას არ აქვს. საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ იგი იქ იმყოფებოდა, ცნობილი არის თემები ზოგადად. რაც შეეხება ასეთ მოთხოვნებს „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან, ეს არის ისტერიკის ერთ-ერთი გამოვლინება”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვის შეხვდა სუს-ის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა იყო განხილვის თემა - საკითხი ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდა. ამბობენ, რომ მამუკა მდინარაძე შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორს ტულსი გაბარდს შეხვდა.

სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.