არაერთი "ნაცური" ტელევიზიისგან სპეკულაციები მიმდინარეობს, მათ შორის, მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ნარკოტიკების გამსაღებლებზე მათ გული ძალიან შესტკივათ - უმრავლესობის ლიდერმა პირდაპირ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობები მკაცრდება ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხება, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

გორდულაძემ აღნიშნა, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ნარკოტიკებთან და ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლა, არაერთი ოპოზიციური ტელევიზია სპეკულაციებს ავრცელებს, მათ შორის, მარიხუანასა და კანაფთან მიმართებით. მისი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, თავიდანვე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობების გამკაცრება ნარკოტიკების გამსაღებლებს შეეხება, ამის მიუხედავად, კონკრეტული მედია აღნიშნულ საკითხს ბინძურად იყენებს.

"როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, როდესაც გადაწყვეტილებაა მიღებული ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიც ნარკოტიკებთან, ნარკომოვაჭრეებთან, ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლაა, ამ დროს, არაერთი "ნაცური" ტელევიზიისგან სპეკულაციები მიმდინარეობს, მათ შორის, მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ნარკოტიკების გამსაღებლებსა და გამყიდველებზე ძალიან შესტკივათ გული. მაშინ, როდესაც უმრავლესობის ლიდერმა შესაბამის ბრიფინგზე პირდაპირ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობები მკაცრდება ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ, ახლა ვისმენთ, მიმდინარეობს პირდაპირ ბინძური პროვოკაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან ბინძურად, ამორალურად იყენებენ ამ საკითხს." - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.