„არ ვიცი, პროტოკოლური მილოცვები თუ ასეთი მნიშვნელოვანია ვინმესთვის, ეს, რა თქმა უნდა, ყალბი სიხარულია“ - ირაკლი ფავლენიშვილი ტრამპის წერილზე

ირაკლი ფავლენიშვილი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ პროტოკოლის დაცვაა და რეალურად, მნიშვნელოვანი არ არის.

"სანამ "დიფ სთეითს" და "გლობალურ ომის პარტიას" უწოდებენ აშშ-ის თაოსნობით დასავლურ სამყაროს, სანამ მიმდინარეობს სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების ხელყოფა და განადგურება ქვეყანაში, მანამდე რეალურ ცვლილებებზე საუბარი ვერ იქნება. არ ვიცი, პროტოკოლური მილოცვები თუ ასეთი მნიშვნელოვანია ვინმესთვის... ეს, რა თქმა უნდა, ყალბი სიხარულია," - აცხადებს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტიაში "საქართველოსთვის" კი ამბობენ, რომ აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ იმას რომ აშშ არის ჩვენიო ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, ყველა მიმართულება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და ყველა ის დახმარება, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისთვის აშშ-ის მხრიდან და მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა," - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი.

ცნობისთვის, წერილში, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები და ელოდება ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.