ირლანდია ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $90 000-მდე გადაუხდის – ნახეთ დეტალები
1732719282
ჩვენ არ მოვექცევით არცერთი მხარის გავლენის ქვეშ და გადავდგამთ მანდატებთან დაკავშირებით ნაბიჯებს იმ ფორმით და იმ დროს, როდესაც ამას საჭიროდ და ყველაზე შედეგიანად ჩავთვლით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას გუნდისთვის ოპოზიციის წევრები ინსტრუქტორები არ არიან, რომლებიც საკუთარ ნაბიჯებს თავისივე ცუდი, არათანმიმდევრული გამოცდილების კომპენსირებისთვის და კომპლექსების დასაბალანსებლად დგამენ, მსგავსი ცუდი გამოცდილება კი მათ პარტიას არ აქვს.
„საზოგადოებამ ჩვენი პოზიცია დიდი ხანია იცის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ პარლამენტს, ისევე როგორც ამ პარლამენტიდან გამომდინარე ნებისმიერ პროცესს, ისევე როგორც პრეზიდენტის არჩევა, თუ პარლამენტის დამტკიცება, არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. პარლამენტში წარმოდგენილი არ ვართ, ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ აქვს. ტექნიკურ ან რიტუალურ საკითხებზე პოზიცია ბევრჯერ გვითქვამს – ჩვენ არ მოვექცევით არცერთი მხარის გავლენის ქვეშ და გადავდგამთ მანდატებთან დაკავშირებით ნაბიჯებს იმ ფორმით და იმ დროს, როდესაც ამას საჭიროდ და ყველაზე შედეგიანად ჩავთვლით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის ლეგიტიმაციას არა განცხადებების დაწერა იწვევს, არამედ ის რომ, ოპოზიცია პარლამენტში წარმოდგენილი არ არის.
„არც საქართველოს მოქალაქეები და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ თვლიან ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, ისევე როგორც ჩვენ, პოლიტიკური ძალები ოპოზიციური ფლანგიდან. ამ საკითხის წარმოჩინება, რომ ეს განსაზღვრავს ლეგიტიმაციას ან არ განსაზღვრავს, მსუბუქად რომ ვთქვათ, საკითხის უცოდინარობაა. როდის შევწყვეტთ ამ მანდატებს და რა ფორმით, ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენს ამომრჩეველთან ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვაქვს. კითხვის ნიშნები გამოწვეულია იმ ზეწოლის მცდელობით, სხვადასხვა პარტიების მხრიდან, რომლის გავლენის ქვეშაც არ ვექცევით. ასე გვესმოდა, რომ გახარია რადგან მკაფიოდ არ ამბობს მანდატების ჩახსნაზე, ესე იგი ის ან მისი გუნდის წევრები პირველ სხდომაზე იქნებიან წარმოდგენილი, ან პარლამენტში შევლენ. ხომ გაქარწყლდა ეს პირველივე სხდომაზე, ისევე როგორც შემდგომ დღეებში. ამიტომ, ხელოვნურად ამ თემის წამოწევა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ზოგიერთს ოპოზიციურ პარტიებიდან აწყობს, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას გუნდი გეგმის შესაბამისად მუშაობს, თუ როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო პოზიციების კონსოლიდაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
„ოპოზიციის წევრები ჩვენთვის ინსტრუქტორები კი არ არიან. ისინი თავის ნაბიჯებს თავისივე ცუდი, არათანმიმდევრული გამოცდილების მაკომპენსირებლად და კომპლექსების დასაბალანსებლად აკეთებენ, ჩვენ ეს ცუდი გამოცდილება არ გვაქვს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.